პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების ერთ-ერთი მონაწილე სასამართლომ ადმინისტრაციულად, 2000 ლარით დააჯარიმა. კახა ფირცხალავას განცხადებით, პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდა და სამართალდამცველებმა უსაფუძვლოდ დააკავეს. მისი ადვოკატის ლაშა ტყემალაძის განცხადებით, აქციის მონაწილის წინააღმდეგ მხოლოდ პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები იყო, რომლებსაც ფირცხალავა არ დაუკავებიათ, თუმცა სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცეს თითქოს აქციის მონაწილე მათ დააკავეს. ადვოკატის განმარტებით, ფირცხალავა რეალურად ე. წ. რობოკოპებმა დააკავეს. რაც შეეხება სხვა დაკავებულებს მათი საქმე ჯერ სასამართლოში შესული არაა. თუ დღეს 6 საათამდე, პირველ მაისის ღამეს დაკავებული 63 პირის საქმე არ შევა სასამართლოში სავარაუდოდ სამართალდამცველები დაკავებულებს კანონის მიხედვით ხელწერილით გაათავისუფლებენ რადგან მათ პატიმრობაში ყოფნის 48 საათიანი ვადა დღეს ეწურებათ. რაც შეეხება წუხელ ადმინისტრაციულად დაკავებულ ხუთ ადამიანს ჯერ-ჯერობით სასამართლოში არც მათი საქმე შესულა. დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორებში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა მოინახულეს.