ადვოკატი - "გარიგებული მატჩების" საქმეში, დაკავებულების გარდა, შესაძლოა, სხვა პირებიც ფიგურირებდნენ
ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეში, დაკავებულების გარდა, შესაძლოა, სხვა პირებიც ფიგურირებდნენ. ამის შესახებ ირაკლი და დავით ბერიშვილების ადვოკატი საუბრობს და ვარაუდობს, რომ პროცესში, შესაძლოა, ტოტალიზატორებიც იყვნენ ჩართულები.
ადვოკატები ახლა საქმის მასალებს ეცნობიან და სასამართლო პროცესისთვის ემზადებიან, რომელზეც 5 დაკავებულს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდონ.
კალათბურთის მწვრთნელებსა და მსაჯებს ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინეს. გამოძიება მათ კომერციულ მოსყიდვას ედავება. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები ირაკლი და დავით ბერიშვილები დანაშაულს აღიარებენ. ბრალდებას უარყოფს ზაზა მაჩალაძე და მის წინააღმდეგ მოწყობილ პროვოკაციაზე საუბრობს მისი ადვოკატი.
რაც შეეხება საკალათბურთო კლუბ „სოხუმის” მწვრთნელს ვაჟა კვარაცხელიას და ამავე კლუბის თანამფლობელს, თემურ დათიკაშვილს – ისინი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.