ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადის გახანგრძლივების თაობაზე იმსჯელებენ დღეს ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებზე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადა ცხრა თვემდე გახანგრძლივდება. მოქმედი კანონმდებლობით, ფარული მოქმედების ჩატარების შესახებ მოსამართლის განჩინება გაიცემა იმ ვადით, რომელიც საჭიროა გამოძიების მიზნის მისაღწევად, არაუმეტეს ერთი თვისა. იმ შემთხვევაში, თუ ეს ვადა საკმარისი არ აღმოჩნდება, დასაშვებია მისი გაგრძელება პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, არაუმეტეს ორი თვის ვადით. ვადის გახანგრძლივება მესამედაც შესაძლებელია, არაუმეტეს სამი თვით – ამის შემდეგ კი ვადა აღარ ხანგრძლივდება. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მოსმენის ვადის ხანგრძლივობა ცხრა თვემდე გაიზრდება. კანონპროექტს სკეპტიკურად აფასებენ ოპოზიციონერი დეპუტატები.