ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გასული წლის შემაჯამებელ ანგარიშს ავრცელებს საქართველოს სახალხო დამცველი. „საქართველო, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა ქვეყნები, ყოველდღიური გამოწვევის წინაშე დგას, რათა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები თითოეული ინდივიდისთვის თანაბრად, თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით იყოს დაცული და ხელმისაწვდომი“- ნათქვამია განცხადებაში.
ძირითად გამოწვევად დასახელებულია ადამიანთა უფლებების დარღვევები და გატაცების ფაქტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თამაზ გინტურის მკვლელობა, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. გამოწვევებს შორის სახელდება ბავშვთა სიღარიბე და ბავშვთა მიმართ ძალადობა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და ეროვნული უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მთელი რიგი საკითხები.
„სახალხო დამცველი გამოთქვამს სრულ მზაობას, ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან განცხადებაში მიმოხილულ გამოწვევებზე მუშაობის პროცესში. იმედია, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიმართულებით წლების განმავლობაში იდენტიფიცირებული პრობლემები სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმის შედეგად აღმოიფხვრება, რასაც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება მოჰყვება.”- წერია ომბუდსმენის განცხადებაში.