ოთხი, ერთის წინააღმდეგ, – აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეთვალყურეო საბჭომ, ნათია კაპანაძე, დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა.
შეხვედრა საბჭოს წევრის, გიგა ჩხარტიშვილის გამოსვლით დაიწყო. მისი განცხადებით, ტელევიზიაში უსამართლობის განცდაა, ანაზღაურებების გადანაწილების თვალსაზრისით, ასევე დარღვევებია შესყიდვების ნაწილში. ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ტელევიზიის მენეჯმენტს და პირადად დირექტორს არ ჰქონდათ კომუნიკაცია ბორდთან და გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებდნენ.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, ნათია კაპანაძე მრჩეველთა საბჭოს პრეტენზიებს არ იზიარებს. მისი განცხადებით, ტელევიზიამ უდიდესი ნაბიჯები გადადგა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის განხორციელებისთვის. მისივე თქმით, ყველა ფინანსური ოპერაცია შესწავლილია აუდიტის მიერ და არსებობს ამის დამადასტურებელი დასკვნებიც.