პრესტიჟული ბრიტანული ონლაინ გამოცემა INDEPENDENT ბათუმს ზაფხულის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს. ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა. მან ასევე ბიუჯეტის პირველი კვარტლის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ იგი 120 პროცენტით შესრულდა. მთავრობის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნების ჩამონათვალში საფრანგეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, ხორვატიისა და შვეიცარიის გვერდით ბათუმი მეორე ადგილს იკავებს. „10 შთამაგონებელი იდეა აქტიური მოგზაურებისთვის“ – ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში, INDEPENDENT-ი აქტიურ მოგზაურებს ურჩევს სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად ზაფხული ბათუმში გაატარონ. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ World Travel Awards-ის ევროპის გალა ცერემონიას ბათუმი 30 სექტემბერს უმასპინძლებს. მსოფლიოში ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილი ღონისძიების ევროპის გალა ცერემონიას, ბათუმში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების, სასტუმროების, ტურსააგენტოების, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო მედიის 300-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება.