აჭარის მთავრობის სხდომა

მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში,  აჭარის მთავრობა სტრუქტურულ ცვლილებებს გეგმავს. დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით, მთავრობის საქვეუწყებო ორგანიზაციები აჭარის სამინისტროებს შეუერთდება.

ოთხი საქვეუწყებო დაწესებულება მოქმედებს აჭარაში.  საარქივო დეპარტამენტი დაექვემდებარება განათლების სამინისტროს, საგზაო და ტურიზმის დეპარტამენტი – ეკონომიკის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველო კი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

ცვლილებებს ითვალისწინებს აჭარის ახალი კონსტიტუციაც.  აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, საწყის ეტაპზე მოხდება მთავრობის საქვეუწყებო ორგანიზაციების გადაყვანა სამინისტროების დაქვემდებარებაში, ამ ეტაპზე ისინი სრული შემადგენლობით გააგრძელებენ საქმიანობას, მომავალი წლიდან კი, შესაძლებელია, გარკვეული სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებებიც განხორციელდეს. შემცირდება თუ არა ტურიზმის დეპარტამენტის უფლებები, მაშინ როცა ეს სფერო რეგიონისთვის სტრატეგიულია, ამ კითხვაზე თორნიკე რიჟვაძე პასუხობს, რომ ტურიზმი არ დაკარგავს მნიშვნელობას, ტურიზმის დეპარტამენტი ძალიან ახლოა ეკონომიკასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, ამდენად, მისი განცხადებით, დეპარტამენტის დაქვემდებარების ცვლილება მის ფუნქციურ შესუსტებას არ გამოიწვევს.

ცვლილებათა პროექტს, მთავრობა დასამტკიცებლად აჭარის უმაღლეს საბჭოს გადაიგზავნის.