საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს.
გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მიიღო. საკითხს 5 წევრიდან, მხარი 4-მა დაუჭირა, ხოლო ერთი წინააღმდეგი წავიდა.
ნათია კაპანაძე ამბობს, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა მოულოდნელი. მისი პოზიციით, გარკვეულ ადამიანებს არ უნდათ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობა. ნათია კაპანაძე ბორდის დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას ბათუმის საქალაქო სასამართლოში გეგმავს.
ნათია კაპანაძის გადაყენების თხოვნით, მრჩეველთა საბჭოს, ირაკლი დარცმელიძემ და გიგა ჩხარტიშვილმა მიმართეს. მათი პრეტენზია ნათია კაპანაძისადმი ტელევიზიის რეიტინგს, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობას და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდებოდა.
ამ დროისთვის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში სულ ხუთი მოქმედი წევრია და დირექტორის გადაყენებისთვის სამი ხმა იყო საჭირო.