აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას შეძლებენ

ხვალ, 21 ივნისის 10:00 საათიდან აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას შეძლებენ. საუბარია საგრანტო კონკურსის მონაწილეებსა და მაგისტრანტობის მსურველებზე. რაც შეეხება მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს, მათ ამის შესაძლებლობა 22 ივნისის 10 საათიდან მიეცემათ. საგამოცდო ბარათზე მითითებული იქნება საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდების თარიღები და ზუსტი დრო. წელს გამოცდაზე გამსვლელთა რაოდენობა უპრეცედენტოდ მაღალია და ის 90 000-ს შეადგენს. აქედან 41000 აბიტურიენტია. გამოცდები 4 ივლისს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება.

აბიტურიენტებს აფრთხილებენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საგამოცდო ფურცელზე მითითებული იქნება ატესტატის წარდგენის აუცილებლობა. პანდემიის პირობებში, წელს პირველად საგამოცდო პროცესი რეგულაციების გარეშე ჩატარდება. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ ცენტრში წყლისა და პირბადის შეტანა.