რეკომენდაციები უკვე მზად არის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად. პროცესი ხვალიდან, 6 ივლისიდან იწყება. თავდაპირველად აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურას ჩააბარებენ. ბოლო თვეების განმავლობაში, ონლაინსწავლების მიუხედავად, ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის დადასტურების ზღვარი არ დაიწევს და არც რთული კითხვების რაოდენობა შემცირდება. რაც შეეხება ვირუსის პრევენციისათვის ამოქმედებულ წესებს, რეგისტრაციის გავლა პირბადით არის სავალდებულო, თუმცა მოგვიანებით, უშუალოდ მერხთან დაჯდომის შემდეგ, ეს აუცილებელი აღარ არის. ამასთან, აბიტურიენტებს გაუზომავენ სიცხეს. განსაზღვრულია ფართობიც და ამ ფართობზე დასაშვებ პირთა რაოდენობა. ასევე, სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ბარიერით. 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. საგამოცდო პროცესი 25 ივლისს დასრულდება.