9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა – 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაშავდა და დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები თბილისში 4 აპრილს დაიწყო. მაშინდელი მთავრობის სახლის წინ მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციას კრემლმა საბჭოთა ტანკებით და ნიჩბებით შეიარაღებული სამხედროები დაუპირისპირა.
აქციის დარბევა 9 აპრილს გამთენიისას დაიწყო – რუსთაველის გამზირზე ტანკები და რუსული სადამსჯელო რაზმი გამოჩნდა. ტრაგედიიდან ზუსტად ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.