ისტორიული თარიღი საქართველოსთვის.
32 წლის წინ ამ დღეს ჩატარებულ რეფერენდუმს ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა. „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე“ – ამ სახით ფორმულირებულ შეკითხვას მონაწილეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, 3 295 493-მა მოქალაქემ დადებითი პასუხი გასცა. სწორედ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საერთო-სახალხო კენჭისყრის შედეგები და მოსახლეობის ერთსულოვანი ნება დაედო საფუძვლად ცხრა დღეში უზენაესი საბჭოს მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებას. სიმბოლურია, რომ 31 მარტი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეცაა.