საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და დიპლომატები ულოცავენ.
დამოუკიდებლობის 101 წლის იუბილე ერთ-ერთმა პირველმა გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა მიულოცა. ინფორმაცია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა.
საქართველოს პრეზიდენტს მიულოცა აზერბაიჯანელმა კოლეგამ. ილჰამ ალიევის თქმით, მას იმედი აქვს, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ურთიერთნდობას და მხარდაჭერას ეფუძნება, მომავალშიც განვითარდება და გაფართოვდება.
დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ჩვენს ქვეყანას სომხეთის პრეზიდენტიც. არმენ სარქისიანი ხაზს უსვამს საქართველოს და სომხეთის მრავალსაუკუნოვან მეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს, რაც მისივე თქმით, რეგიონში სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენს.
დღევანდელი თარიღი მოგვილოცეს ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
26 მაისი საქართველოს მიულოცა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, რუმინეთმა, ასევე ესტონეთმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოულოცა შეერთებულმა შტატებმაც. განცხადება ამერიკის საელჩოს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა. მანამდე კი პრემიერ-მინისტრის სახელზე მისალოცი წერილი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოგზავნა.
ვიდეომიმართვა გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს მხარში ისე ძლიერად უდგას, როგორც არასდროს და ქართველი ხალხის მხარდაჭერას განაგრძობს.