მსვლელობა დედაქალაქის მთავარ გამზირზე და საგამოფენო სტენდებთან გამოტანილი ეროვნული პროდუქცია.
რუსთაველის გამზირი დილიდან სხვადასხვა ღონისძიებამ მოიცვა. სადღესასწაულო პროგრამა აერთიანებდა კონცერტებს, გამოფენებს, ინსტალაციებს, ვირტუალურ მოგზაურობებს, ადგილობრივი მეწარმეების ბაზრობებს, პავილიონებს, მოეწყო კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეებიც, სადაც 1918 წლის მოვლენები ფოტო და ვიდეომასალებით კიდევ ერთხელ გააცოცხლეს. მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, საქართველოში წარმოებული სამხედრო ტექნიკა და თავდაცვის ძალების უნიფორმებიც დაეთვალიერებინათ. ცალკე სივრცე იყო გამოყოფილი იმ ისტორიული გადაწყვეტილებების შესახსენებლად, რომლებიც ევროინტეგრაციის გზაზე 1991 წლის შემდეგ მიიღეს.
რეპორტაჟი დედაქალაქის ისტორიული გამზირიდან, რომელიც 104-წლის წინანდელი მოვლენის ეპიცენტრი იყო.