26 მაისი მსოფლიოს მასშტაბით საზეიმოდ აღინიშნა

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობების ჩართულობით, 26 მაისი მსოფლიოს მასშტაბით საზეიმოდ აღინიშნა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდა მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები. მათ შორის ლიუბლიანის ციხესიმაგრე, თურქეთში, ქალაქ ანკარაში სასტუმრო „შერატონის“ შენობა; კორეაში, სეულის მუნიციპალიტეტის და ესტონეთში საქართველოს საელჩოს შენობები. საბერძნეთში ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდა ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური შენობა ქ. თესალონიკის მერია, ხოლო შენობის წინ განთავსდა ბანერი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის ლოგოს გამოსახულებით.

გენერალური საკონსულოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართა პერფორმანსი. ასევე, განათდა ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში ხიდები მდინარე ნერისზე და ქალაქის ღირსშესანიშნაობა – სამი ჯვრის მონუმენტი. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განათავსა სიმბოლური წარწერა შენობის ფასადზე და ადმინისტრაციის წინ მდებარე მოედანზე და აღმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა. ლიეტუვას პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიდეომოლოცვა მოამზადა.

სპეციალური მილოცვებით აღნიშნეს ეს დღე ლატვიაში, სეულში, ბრაზილიაში, ეგვიპტეში და კიდევ არაერთ ქვეყანაში, სადაც საქართველოს საელჩოების ორგანიზებით  საზეიმო მიღებები და ღონისძიებები გაიმართა.