საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი – 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. ინტერვენციის გამო, 1918 წელს ჩატარებული არჩევნების გზით არჩეული მთავრობა ემიგრაციაში აღმოჩნდა, ქვეყანაში კი კომუნისტური მმართველობა და 70-წლიანი საბჭოთა რეჟიმი დამყარდა.
საუკუნის წინანდელი ტრაგიკული მოვლენების ეპიცენტრი კოჯრისა და ტაბახმელას მისადგომები იყო – ადგილი, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობდა. კოჯორში შეიკრიბნენ დღეს პოლიტიკოსები, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი. მათ ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.