24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა. 1995 წლის 24 აგვისტოს, 17:50 წუთზე, პარლამენტმა 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ საქართველოს უზენაესი კანონი მიიღო. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ, საბოლოოდ, ახალი დოკუმენტის მიღება გადაწყდა. საქართველოს კონსტიტუცია ძალაში 1995 წლის 17 სექტემბერს, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოაცხადა.