21 მარტი - ქართველი მესაზღვრის დღე

საკუთარი საზღვრების, ცისა და ზღვის სრული კონტროლი, სახელმწიფოს თავდაცვა და უშიშროება- ეს იმ ვალდებულებისა არასრული ჩამონათვალია , რომელიც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება. მიუხედავად ამ ვალდებულებისა, უსაფრთხოების სფეროში ეგზისტენციალური გამოწვევებია და პირველ რიგში ეს სახელმწიფო საზღვარს ეხება.

სახელმწიფო საზღვრიდან იწყება და არც საქართველოა გამონაკლისი, რომელსაც საკუთრი საჰაერო სივრცის გარდა, სახმელეთო და საზღვაო საზღვრები გააჩნია.

ყოველი წლის 21 მარტს სახელმწიფო საზღვრის მცველის – მესაზღვრის დღე აღინიშნება. ჯერ კიდევ პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ეს დღე, საკუთარი 24-ე ბრძანებულებით, 1999 წლის 21 იანვარს დააწესა და მას შემდეგ აღინიშნება, თუმცა უკვე 21 მარტს.

დღეს ხშირად გაიგებთ სახელმწიფო საზღვრის დარღვევის, გადაკვეთის მცდელობის ან უკანონო კვეთის შესახებ. ყველაზე გახმაურებული საქმეებიდან  მაგალითად ქობულეთიდან ურანის გატანის მცდელობა,  სახელმწიფო საზღვრის კირნათი-მარადიდის მონაკვეთიდან აჰმედ ჩატაევის გადმოსვლა, აფგან მუხთარლის გაუჩინარება და შემდეგ სხვა სახელმწიფოში აღმოჩენა შეიძლება მოვიყვანოთ.

სახელმწიფო საზღვრის კონტროლი საქართველომ პრაქტიკულად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სცადა, თუმცა იმ პერიოდში საზღვარზე ჯერ კიდევ რუსი მესაზღვრეები იდგნენ, ისევე როგორც რუსეთის საჯარისო ნაწილები საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს სასაზღვრო სამსახურის ჩამოყალიბება დაიწყო. 1992 წლის 8 აგვისტოს გამოიცა სახელმწიფო საბჭოს დეკრეტი – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის შესახებ. იმავე წელს შეიქმნა საქართველოს სასაზღვრო სამსახური და მას თავდაცვის სამინსიტროს მთავარი სამმართველოს სტატუსი მიენიჭა,

1994 წლის ივლისში, საზღვრის დაცვის მთავარი სამმართველო გამოეყო თავდაცვის სამინისტროს და მოგვიანებით,1996 წლის მარტში შეიქმნა საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი. ორი წლის შემდეგ, პარლამენტმა მიიღო  იყო კანონი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“. 1998 წელსვე ჩამოყალიბდა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სანაპირო დაცვის სამსახური, ხოლო ერთი წლის შემდეგ – სასაზღვრო ავიაცია;

სასაზღვრო ძალების ფორმირების პარალელურად რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ნაწილები დამოუკიდებელი სახელმწიფოდან გასვლას არ ჩქარობდნენ და  1999 წლის ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ დისლოცირებული

2004 წლის 11 თებერვლიდან სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში ტრანსფორმაციის  მორიგი ტალღა დაიწყო  და ის შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება დაექვემდებარა;

2006 28 ივნისიდან შსს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი გარდაიქმნა სამართალდამცავ უწყებად – საქართველოს სასაზღვრო პოლიციად;  საქართველოს პარლამენტმა მოგვიანებით მიიღო კანონი „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“, სადაც განისაზღვრა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ამოცანები.

  • სახმელეთო საზღვრის დაცვა

საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო 2154 კილომეტრია, აქედან – თურქეთის რესპუბლიკასთან – 275 კილომეტრი, სომხეთის რესპუბლიკასთან – 224 კილომეტრი, აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან – 446 კილომეტრი, რუსეთის ფედერაციასთან – 894 კილომეტრი.

განსაკუთრებით აღსანიშნია საზღვრის მონაკვეთი რუსეთთან. რუსეთის ფედერაციისგან აგრესია მხოლოდ 2008 წელს არ დაწყებულა: ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში რუსეთმა მიისაკუთრა რამდენიმე მონაკვეთი ლარსზე, გვირაბები და ე.წ.სმაკის ხიდი. 1999 წელს – მუცოს ქედთან არსებული ტერიტორია (ფიჭვები) და აცეხი , ასევე ანატორიის კოშკი, ხევსურების სალოცავი. 2008 წელს კოდორის ხეობის – 101 კილომეტრი დაიკავეს, ასევე მამისონის უღელტეხილზე მდებარე მეტეოსადგური.

  • სანაპირო დაცვა

სანაპირო დაცვის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს საზღვაო სივრცეში სასაზღვრო-საზღვაო პოლიტიკის გატარებას, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის შესრულებაზე კონტროლს და საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილი ზომების მიღებას; ასევე უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლთან დაკავშირებული ამოცანების შესრულების ორგანიზებას, მართვასა და ხელმძღვანელობას.

ტერიტორიული წყლები 12 მილს შეადგენს, შემდეგ მიმდებარე 12 მილიანი ზონაა, რასაც განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა მოსდევს.

დღეს ითვლება, რომ სანაპირო დაცვის რეფორმა შინაგან საქმეთა სისტემაში ერთ-ერთი წარმატებულია. ამას ემატება ისიც, რომ საქართველოს სხვა ძალა  ზღვაზე არ გააჩნია, იმდენად, რამდენადაც  არ არსებობს სამხედრო – საზღვაო ძალები. რუსეთის აგრესიის შემდეგ მოხდა სანაპირო დაცვის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, განხორციელდა მცურავი საშუალებების მოდერნიზება. პარტნიორების დახმარებით და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევით, ფუნქციონირებს თანამედროვე სარადარო სადგურები, რომელთა დაფარვის რადიუსი ვრცელდება საქართველოს მთელს სანაპირო ზოლს, ტერიტორიულ წყლებსა და ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაზე.  ასევე ჩამოყალიბდა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი, რომლის ამოცანაა საზღვაო სივრცეში არალეგალური ქმედებების, საზღვაო ინციდენტების და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის სერიოზული დარღვევის პრევენცია. აღმოჩენა და აღმოფხვრა.

  • სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო

ავიაციას კრიტიკული როლი აქვს სახელმწიფო საზღვრის კონტროლის საქმეში, მათ შორის ლოგისტიკის კუთხით. მისი მთავარი ამოცანაა სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო ზოლის, სასაზღვრო ზონისა და საზღვაო სივრცის მონიტორინგი – ძებნა, საჰაერო თვალთვალი და პატრულირება, პირადი შემადგენლობის გადაყვანა და ლოგისტიკური უზრუნველყოფა. განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც პრაქტიკულად შეუძლებელია სახმელეთო გზით განწესის გადაყვანა ან როტაციის განხორციელება, საქმეში ერთვება ავიაცია. მესაზღვრეები ჩართულნი არიან მოსახლეობის გადაყვანის პროცესშიც მაღალმთიან რაიონებში (დიდთოვლობის პერიოდში), სტიქიური უბედურების დროს, ახორციელებს მაღალმთიანი რეგიონისა და ძნელად მისასვლელ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებას. აგრეთვე გადაუდებელი სამედიცინო დახმარებას ყოფითი პრობლემის მოგვარების მიზნით.

დღეს, როდესაც საქართველოს უამრავი გამოწვევა აქვს, აგრეთვე მაღალია საფრთხეებისა და რისკების დონე, სახელმწიფო საზღვრის ეფექტური კონტროლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. 21-ე საუკუნის ტექნოლოგიები იძლევა ეფექტური კონტროლის შესაძლებლობებს, თუმცა მწირი ბიუჯეტის პირობებში, ამ ამოცანის შესრულება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ სირთულეს წარმოადგენს.

ავტორი – გიორგი ცხვიტავა

დატოვე კომენტარი