20 წელი ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანებიდან

20 წელი ევროსაბჭოში გაწევრიანებიდან.

საქართველო ისტორიულ თარიღს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აღნიშნავს. 1999 წლიდან დღემდე განვლილ გზას, თბილისში მყოფი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი აფასებს.

პროგრესი სახეზეა, თუმცა რჩება გამოწვევები, – ასეთია საერთო შეფასებები, რომლებიც დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ისმოდა. 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომას, საკანონმდებლო ორგანომ უმასპინძლა. სხვადასხვა სფეროში გატარებული რეფორმების შეფასების გარდა, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა კონკრეტული გზავნილით პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებსაც მიმართა და მათ ერთმანეთთან დიალოგის აუცილებლობაზე მიუთითა.

ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი და ამ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები უკვე გახდა პოლიტიკური უთანხმოების მიზეზი. ყოფილ მმართველ პარტიას მოქმედთან კითხვები და პრეტენზიები აქვს.