იყო თუ არა ხელისუფლება ბოლო ორი წლის განმავლობაში გარე ზეწოლის ქვეშ – მმართველი გუნდის ლიდერები იმ შეხვედრებზე იწყებენ საუბარს, სადაც, როგორც თავად ამბობენ, საერთაშორისო პარტნიორებისგან ქვეყნის ომში ჩართვის მოწოდებებს ისმენდნენ. კეთდება ირიბი მინიშნებები კონკრეტული გვარების დასახელების გარეშე. თუ ხელისუფლების რიტორიკას დავეყრდნობით, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მეორე ფრონტის გახსნის გარდა მმართველი პარტიის მიმართ ისმოდა კიდევ ერთი – რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება ევროპარლამენტის ბოლო საკმაოდ მძიმე შინაარსის რეზოლუცია, სადაც სანქციების ამოქმედების მოთხოვნა ჩანაწერის სახით გაჩნდა. „ქართული ოცნების“ განცხადებები პროპაგანდის ნაწილია ოპოზიციისთვის, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების გამკაცრებულ ტონს და მძიმე განცხადებებს მმართველი გუნდის ბოლოდროინდელი ქმედებებით და რიტორიკით ხსნის. ფაქტია, რომ არჩევნებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა, მთავრობის მიმართ კრიტიკის შემცველი გზავნილები კი სულ უფრო მწვავდება.