20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის, ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის ფარგლებში, ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტი დაამტკიცა. 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში, ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

ამ პროექტის ფარგლებში, წელს პირველად მოხდება საქართველოსთვის კიბერუსაფრთხოების სფეროს მხარდაჭერა. ასევე, დახმარების პაკეტი სამხედრო-სამედიცინო, სამხედრო-საინჟინრო და სატრანსპორტო შესაძლებლობების გასაძლიერებლად იქნება მიმართული.

საქართველომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთვის უკვე მეორედ მიიღო. ევროკავშირი აგრძელებს აქტიურ ჩართულობას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერით – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.