7 ნოემბრის აქციიდან 15 წელი გავიდა

ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქციის დარბევიდან 15 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“, მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული ცრემლსადენი აირი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი. ამ მოვლენებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.

პროკურატურამ ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და მისი დარბევის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, პასუხისგებაში მისცა. ამ საქმეზე, ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს დაუსწრებლად, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 2014 წლის პირველ აგვისტოს შეეფარდათ. სააკაშვილის წინააღმდეგ ეს საქმე ჯერ ისევ სასამართლო განხილვაშია.