2007 წლის 7 ნოემბერი – ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღი საქართველოს უახლოეს ისტორიაში. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევიდან 17 წელი გავიდა. მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ქუჩაში გასულ მოსახლეობას, მაშინდელი ხელისუფლება რეზინის ტყვიებით, ხელკეტებით, წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით გაუსწორდა. დაშავდა აქციის ასეულობით მონაწილე. დღის ბოლოს სპეცრაზმი შეიჭრა „ტელე-იმედში“ და არხის მაუწყებლობა გათიშა. მძიმე მოვლენებს, შედეგად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოჰყვა. სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებები კი მწვავე საერთაშორისო გამოხმაურებების მიზეზი გახდა. წლების შემდეგ, ხელახალი გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი წარედგინათ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. მათ შორისაა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.