ვატიკანში აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის შესაჩერებლად ნებისმიერი სახის შუამავლობისთვის არიან მზად. ამის შესახებ ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბრისას, რუსულ მხარეს რომის პაპის მოწოდება გადასცა, უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასთან დაკავშირებით. „სიტყვები მნიშვნელოვანია და რაც ხდება უკრაინაში, იმის სამხედრო ოპერაციად განსაზღვრა, რეალობის არაღიარებას ნიშნავს. ჩვენ ვხედავთ ომს, რომელსაც, სამწუხაროდ, მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა“, – განაცხადა ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა. ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრის მეორე დღეს, ვატიკანში რუსეთის საელჩოში რომის პაპის ვიზიტი იყო პირადი ნაბიჯი, რათა მოსკოვისთვის გამოეხატა თავისი შეშფოთება ომის ესკალაციის შესახებ.