7 აგვისტო ორმაგად მძიმე დღეა საქართველოსთვის. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.
ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს იხსენებს. 411 დაღუპული, დევნილად ქცეული 130 000-მდე ადამიანი, განადგურებული სოფლები, დაბომბილი გორი და სტრატეგიული ობიექტები, ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება – ასეთია ხუთდღიანი საომარი მოქმედებების შედეგი. 2008 წლის 7 აგვისტოს სეპარატისტებმა ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს, რასაც საპასუხო ცეცხლის გახსნა, 8 აგვისტოს კი რუსეთის არმიის შემოსვლა მოჰყვა. ომიდან 15 წლის თავზე ქვეყანაში მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. მავთულხლართებით და ხელოვნური ბარიერებით დაყოფილი სოფლები, მოქალაქეთა გახშირებული გატაცებები, გადაადგილების და სამედიცინო დახმარების მიღების წართმეული უფლებები – ასეთია რეალობა საოკუპაციო ხაზთან. არაერთი საერთაშორისო მოწოდების მიუხედავად, რუსეთი ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 6-პუნქტიან შეთანხმებას ამ დრომდე არ ასრულებს. მოსკოვი სტრასბურგის სასამართლოს იმ ისტორიულ გადაწყვეტილებასაც იგნორირებას უკეთებს, რომელმაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებლად სწორედ რუსეთი მიიჩნია და ყველა დარღვეულ უფლებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა.