მოვუწოდებთ პოლიტიკურ მხარეებს, ნიკა მელიას საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში – ეს ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, დემოკრატი გრეგორი მიკსის და წამყვანი რესპუბლიკელი კონგრესმენის მაიკლ მაკქოლის განცხადების ნაწილია. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
„იმ დემოკრატიულ პროგრესს, რომლის მისაღწევადაც ქართველმა ხალხმა ასე ძლიერ იბრძოლა, თბილისში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია ძირის გამოთხრისა და დესტაბილიზაციის საფრთხეს უქმნის. ძლიერი და მტკიცე ქართული დემოკრატია, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობასა და მრავალპარტიულ სისტემას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე რეგიონული სტაბილურობისთვის”, – აცხადებენ კონგრესმენები.