უმძიმესი თარიღი და ქართული სახელმწიფოს ყველაზე დიდი გამოწვევა – ოკუპაცია, – საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე დღეებს სწორედ ასე აფასებდნენ დღეს პოლიტიკოსები. ქართული სოფლების მიმართულებით სროლა ჯერ კიდევ 2008 წლის ივლისში დაიწყო. 7 აგვისტოს სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა, იბომბებოდა დასახლებები, რასაც გვიან ღამით საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. 8 აგვისტოს დილით კი, როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში რუსეთის 58-ე არმიის კოლონა შემოვიდა. რუსული ავიაიერიშის შედეგად, ქართულმა შენაერთებმა უკან დაიხიეს.
აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, 170 სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი. 30 ათასი მოქალაქე კი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე შეიკრიბნენ. განსხვავებული პოლიტიკური პოზიციების მიუხედავად, ოპოზიციასა და ხელისუფლებას საერთო გზავნილი ჰქონდათ, რომ ქვეყნის მთავარი ამოცანა დეოკუპაციაა.