ევროკავშირის კანდიდატის სტატუსამდე ქვეყანა ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებამ უნდა მიიყვანოს. თუმცა ივნისიდან, ანუ რეკომენდაციების გაცემის დღიდან თითოეული პუნქტი შიდა პოლიტიკური ვნებათაღელვის და მწვავე უთანხმოების საგანია. საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, 12 პუნქტის გარშემო ხელისუფლების და მთელი ოპოზიციის ერთად მუშაობა და ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფა ვერ მოხერხდა. ოპოზიციის ნაწილმა პროცესს თავიდანვე ბოიკოტი გამოუცხადა და პარალელური სამუშაო პროცესი დაიწყო. ევროპულმა საბჭომ ქვეყნისთვის მიცემული საშინაო დავალება 2023 წლის ბოლოსთვის უნდა შეაფასოს და კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. შიდა პოლიტიკურ წრეებში პროგნოზები ურთიერთგამომრიცხავია. ოპოზიციის ნაწილი სასამართლო და საარჩევნო რეფორმების და დეოლიგარქიზაციის პუნქტებს შეუსრულებლად აცხადებს. ღიად რჩება დეპოლარიზაციის რეკომენდაცია და მე-12 პუნქტიც, ანუ სახალხო დამცველის არჩევის პროცესი, რომელიც წლის ბოლოს ჩავარდა.