ერთი წელი ევროკომისიის საშინაო დავალების მიღებიდან – „ქართული ოცნება“ პრეზენტაციისთვის ემზადება.
მმართველი გუნდი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო 12 პუნქტს პრაქტიკულად შესრულებულად აცხადებს და მომდევნო კვირას ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების ანგარიშის წარმოდგენას გეგმავს. ღიად დარჩენილ ერთადერთ რეკომენდაციად პოლარიზაციის შემცირების მოთხოვნა სახელდება, რაზეც ხელისუფლება პასუხისმგებლობას ოპოზიციის ნაწილს აკისრებს. საუბარია იმ პარტიებზე, რომლებიც 12 პუნქტზე სამუშაოდ შექმნილ საპარლამენტო ჯგუფებს პირველივე დღიდან გაემიჯნენ. მათი პოზიცია უცვლელია, ოპონენტთა ნაწილი ევროკომისიის რეკომენდაციების უმეტესობას დღემდე შეუსრულებლად მიიჩნევს. განსაკუთრებული აქცენტი სასამართლო რეფორმაზე კეთდება. ევროპული საბჭოს მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების თარიღის მოახლოებასთან ერთად პოლარიზაცია შემცირების ნაცვლად სულ უფრო ღრმავდება. ფაქტია, რომ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, 12 პუნქტის გარშემო პოლიტიკურ ძალთა გაერთიანება და ერთად მუშაობა ვერ მოხერხდა.