ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა.
2010 წელს, ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და ტრასის ბორტს დიდი სიჩქარით შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით 21 წლის ქართველი სპორტსმენი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზად საციგაო ტრასის გაუმართაობა დასახელდა.
ბაკურიანში დღეს ნოდარ ქუმარიტაშვილის საფლავზე ახალგაზრდა სპორტსმენის ხსოვნას პატივი მისი ოჯახის წევრებმა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებმა მიაგეს. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ვანკუვერის ქართული დიასპორა ქალაქის ერთ-ერთ პარკში ქუმარიტაშვილის მემორიალური სკამის დადგმას გეგმავს, რისთვისაც ქალაქის მერიისგან ნებართვა უკვე აღებულია.