ამჯერად მამაჩემის მიერ მიკვლეულ იმ მასალებს გთავაზობთ, აკადემიკოს აკაკი შანიძის აქამდე უცნობ გატაცებას რომ ეხება. აღნიშნული მასალების გარკვეული ნაწილი მამამ იოსებ გრიშაშვილის სახლ-მუზეუმში მოიძია.
მარინა ბუზუკაშვილი
„ბატონ აკაკი შანიძეს – პოეტს, მეცნიერს, მეგობარს, სოსო გრიშაშვილისაგან, 1933 წლის 31 დეკემბერი“. ასეთი წარწერით უსახსოვრა თავისი ფოტოსურათი სახელმოხვეჭილ ენათმეცნიერს, აკაკი შანიძეს, იოსებ გრიშაშვილმა დამდეგი ახალი წლის წინა დღეს.
ამ წარწერაში სიტყვა „პოეტმა“ მიიქცია ჩემი ყურადღება, იოსებ გრიშაშვილი პოეტად, თუკი არ იმსახურებდა, არავის მოიხსენიებდა. არადა, აკაკი შანიძის რაიმე პოეტური ნაწარმოები წაკითხული ნამდვილად არ მქონდა.
ამ საკითხით დავინტერესდი. ჩვენი საუკუნის პირველ ოცწლეულში ქართული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე არცთუ იშვიათად ისტამბებოდა მხატვრული ნაწარმოებები აკაკისა და „მცირე აკაკის“ ხელმოწერით. ვინ იყო აკაკი, მკითხველმა კარგად უწყის. რაც შეეხება „მცირე აკაკის“ – იგი თურმე აკაკი შანიძის ფსევდონიმი ყოფილა. სწორედ ამ ფსევდონიმით გამოაქვეყნა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათის გამომავალ ჟურნალ „ნაკადულის“ 1910 წლის №6-ში პატარა მოთხრობა, რომელშიც ლექსიც არის ჩართული.
„ბავშვებმა საყვარელ ბაბუას ტყეში დაკრეფილი ნიყვით (სოკოთი) სავსე კალათი მიართვეს და სთხოვეს, ეამბნა რაიმე ამბავი. მოხუცს გაუხარდა ბავშვების საქციელი და თქვა:
– ამ ნიყვმა ერთი შემთხვევა მომაგონა. ჩვენს სოფელში იყო ბატონი. იგი მკაცრად ეპყრობოდა თავის ყმებს. ერთმა გლეხმა იფიქრა: მოდი, დავკრეფ ნიყვს, მივართმევ ბატონს და ამით ვასიამოვნებო. წავიდა ტყეში, რის ვაი-ვაგლახით დაკრიფა ნიყვი და წამოვიდა. ამ დროს დაიწყო კოკისპირული წვიმა. გლეხი არ შეჩერდა და მაინც წავიდა ბატონის სახლისკენ. გაჩერდა ჭიშკართან და დააკაკუნა. გამოიხედეს, მოსულს ჰკითხეს, რად მოსულხარო?
გლეხმა გადასცა ნიყვით სავსე კალათა და უსურვა ბატონს დღეგრძელობა. გლეხი მაშინვე არ გამობრუნებულა უკან. დაიცადა, მადლობას მეტყვიან და მერე წავალო. იცადა ბევრი, იცადა, მაგრამ არავინ გამოხედა. წვიმა კი საშინლად ასხამდა და ქარიც ქროდა. გლეხს დაეკარგა მოთმინება, შემოტრიალდა და გულამოსკვნით ამოიოხრა:
ვაჰმე ჩემი ნიყვოო,
აწი რაღა გიყოვო?!
შენ სახლში ხარ და მე კი,
გარეთ უნდა ვიყოვო!..
მაგრამ შემდეგ თუ შეგხვდი,
მაცადინე ვიყოვო;
შეგწვავ, კარგად შეგბრაწავ,
თვითონ ყლაპი გიყოვო“.
„ნაკადულის“ იმავე წლის მე-20 ნომერში დასტამბულია აკაკი შანიძის ლექსი სათაურით – „რად არის მთვარეზე შავი ადგილები“, რომელიც ფშავური ლეგენდის მოტივზეა დაწერილი. იგი ასე იწყება:
ერთხელ მზესა და მთვარესა
შექმნიათ ამის დავაო,
ვინ დღით იაროს და
რომელს
წილად ხვდეს ღამისთევაო?
მთვარე ვაჟია და მზე კი
მთვარის და არის, ქალია…
მთვარემ და მისმა დამ (მზემ) საბოლოოდ ასე გადაწყვიტეს: დღისით ევლო მას, ვინც დილით ადრე ადგებოდა:
დაღამდა, მთვარე მიეცა
უდარდელ მოსვენებასა,
მზეს კი არ სძინავს და უცდის
ხვალინდელ გათენებასა.
რასაკვირველია, „ძილისგუდა“ მთვარეს მზემ დაასწრო ადგომა:
ამ დროს იმათი აღმზრდელი
დედა ცომს მათთვის ზელდაო,
და რა იხილა, ვაჟს სძინავს,
საბრალოს ეცა ელდაო.
ცომში გასვრილი მარჯვენა
სახეში ჩასცა მძინარსო,
უკვე გათენდა და შენ კი,
უგვანო, მაინც გძინავსო?
ხუთივე თითი დააჩნდა
მაშინვე მთვარეს დაღადო
და ამის გამო – პირბადრი
დღესაც ვერ არის ლაღადო.
ფშავური ლეგენდის მოტივებზეა გალექსილი აგრეთვე აკაკი შანიძის „ლაშარის ხატი“, რომელიც დასტამბულია საყმაწვილო ჟურნალ „ნაკადულის“ 1908 წლის №5-ში და მასში ასახულია გულისწყრომა მამა-პაპათა წესის დამრღვევთა მიმართ.
აი, სულ ეს არის, რაც ზემოხსენებულ ბიბლიოგრაფიაში აკაკი შანიძის შესახებ მოვიძიე. ვისაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბატონ აკაკი შანიძესთან, დამეთანმხმება, რომ იგი გახლდათ ჭეშმარიტად პოეტური განწყობის კაცი.
აგერ უკვე შვიდმა ათეულმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც თბილისის უნივერსიტეტში აკაკი შანიძის ლექციებს ვისმენდი. მას ჰქონდა ჩვევა: ლექციის დამთავრებამდე 10-15 წუთით ადრე ტოვებდა კათედრას და ჩვენს გვერდით – სტუდენტებთან მოიკალათებდა. თავადაც ჩინებულ ხასიათზე მყოფი, ჩვენც აგვიყოლიებდა ხოლმე და იყო ერთი მხიარულება.
ერთხელ ბატონმა აკაკიმ მის მიერ ჩაწერილი ხევსურული პოეზიის რამდენიმე მარგალიტი გაგვაცნო. ერთმა სტუდენტმა გოგონამ გამბედაობა მოიკრიბა და პროფესორს მიმართა:
– ბატონო აკაკი, არ მჯერა, რომ პოეზიის ასეთი ტრფიალი, ლექსებს თავად არ სწერდეთ.
ბატონი აკაკი გაწითლდა, ერთხანს ჩაფიქრდა კიდეც, მაგრამ სტუდენტი გოგონას ვარაუდი გადაჭრით უარყო:
– აჰ, არა, რას ამბობთ, ლექსების საწერად სად მცალია!
მართლაც, შვიდი ათეული წელია, თვალყურს ვადევნებ ქართულ პრესას და არსად მისი ლექსი არ შემხვედრია.
მივმართე იოსებ (იუზა) ლორთქიფანიძეს:
– ბატონ იოსებ, სოსო გრიშაშვილზე წიგნის გამოცემას ვაპირებ და რით დამეხმარებით – მეთქი.
– იოსებ გრისაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში არის აკაკი შანიძის მიერ სოსო გრიშაშვილისათვის მიძღვნილი წიგნი. გაეცანი და კმაყოფილი დარჩებიო, – მითხრა.
მართლაც, სახლ-მუზეუმში გრიშაშვილისათვის სათანადო ავტოგრაფით ნაჩუქარი აკაკი შანიძის არაერთი ნაშრომი აღმოჩნდა. ბიბლიოთეკა-მუზეუმში დაცული წიგნების კატალოგის 316-ე გვერდზე აღნიშნულია:
„15-616. ხანმეტი ლექციონარი, ფოტოტიპიური რეპროდუქცია გამოსცა და სიმფონია დაურთო ა. შანიძემ, თბ. 1944 წელი:
გრიშაშვილსა მოგერთვას
წიგნი ესე ხანმეტი,
სიჭაბუკე გაგისხლტა,
ახლა შენც ხარ ხანმეტი“.
იქვე მიწერილია: „აკაკიმ ზეპირად მითხრა თავისი ექსპრომტის გაგრძელება“:
(რომ მოკვდები გიტირებს
ცოლი ოცდაცხრამეტი).
გადის წლები და გრიშაშვილი კვლავაც იღებს აკაკი შანიძის ახალ ნაშრომს („ქართული გრამატიკის საფუძვლები. მორფოლოგია. თბილისი. 1953 წ.).
„სიტყვას გეტყვი ისეთსა,
ვიცი, მეტად იოცებ;
ლექსის წერას არ უნდა
გრამატიკა, იოსებ.
ჩემს ძმა – მეგობარს,
ი.გრიშაშვილს. 30. IX-53 წელი“.
სამი წლის შემდეგ გრიშაშვილის ბიბლიოთეკის ფონდს შეემატა აკაკი შანიძის ნაშრომი „ქართული ენის გრამატიკა. მორფოლოგია“. წიგნის ფორზაცზე წარწერილია:
გრიშაშვილსა მოგიძღვენ
გრამატიკის წიგნიცა.
მოგეწონოს – იკითხე,
არადა, ჰკარ წიხლიცა.
ა. შანიძე. 27. XI-56 წელი“.
დავით ბუზუკაშვილი