მამაჩემი და ჟუკოვი
მამაჩემი და ჟუკოვი

ოჯახის რეპრესირების გამო ბაშკიჩეთში (ამჟამად დმანისი) გადახვეწილი მამაჩემი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი დავით ბუზუკაშვილი, თბილისში 1952 წელს დაბრუნდა და საქართველოს რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორად დაიწყო მუშაობა. მაშინ იმ სამსახურს „უკანასკნელი ცნობები“ ერქვა (სხვათა შორის, პირველად სწორედ მამამ გადასცა ანონსი საქართველოში სატელევიზიო მაუწყებლობის ამოქმედების შესახებ). მინდა შემოგთავაზოთ ერთი ტრაგიკომიკური ფრაგმენტი მამას იმ პერიოდის რადიობიოგრაფიიდან, რომელიც მისი მოგონებებიდან მახსოვს:

დღის მოვლენათა ქრონიკის ბოლო გამოშვებით რედაქცია ეთერში ღამის 12 საათზე გადიოდა. ერთხელაც, ეთერში გასვლამდე მამამ არ დაიზარა და ოპერატიული ინფორმაციისათვის „საქინფორმში“ შუაღამისას კიდევ ერთხელ შეირბინა. იქაურ თანამშრომელთაგან ადგილზე აღარავინ იყო. სამაგიეროდ, ტელეტაიპით მოსკოვიდან მიღებული ცინცხალი ინფორმაცია იუწყებოდა, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლეს საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი, საბჭოთა კავშირის გმირი, დიდი სამამულო ომის ფავორიტი, მარშალი ჟუკოვი. მამამ ინფორმაციას ხელი დაავლო, სასწრაფოდ რედაქციაში გააქანა და პრაიმნიუსი ეთერში გადასცა. გამოშვების დასრულებისთანავე დარეკა რადიოკომიტეტის თავმჯდომარემ, ანტონ კელენჯერიძემ და იკითხა, ეს რა ინფორმაცია გადაეციო. მამამ აუხსნა. კი, მაგრამ მოსკოვს რომ არაფერი გადმოუციაო, დაეჭვდა თავმჯდომარე. დაელოდნენ საკავშირო რადიოს უკანასკნელ ცნობათა ბოლო გამოშვებას, რომელიც თბილისის ეთერში ღამის პირველ საათზე გადიოდა. ჟუკოვზე კრინტი არ დაძრულა. ჟუკოვზე მოსკოვს არაფერი უთქვამს არც მომდევნო 24 საათის განმავლობაში. კელენჯერიძე აფორიაქდა, მით უმეტეს, რომ ცკ-დან დაურეკეს და განმარტება მოსთხოვეს.

− დათიკო, ინფორმაცია „საქინფორმის“ ბლანკზე იყო დაბეჭდილი? − დეტალებში გარკვევას ცდილობს თავმჯდომარე.

− არა, − პასუხობს მამა და ხვდება, რომ თბილი  ტანსაცმლის ჩალაგება მოუწევს. სრულიად იმედგადაწურულმა მაინც ჩართო მესამე დილას მოსკოვის „უკანასკნელი ცნობები“ და ნანატრი ნიუსით აღტაცებულმა მისახარებლად სასწრაფოდ გადაურეკა კელენჯერიძეს სახლში.

− მოსკოვს მოუსმინა და გული აქვს ცუდად, „კაპლებს“ სვამს, „სასწრაფოც“ გამოვიძახეთო, − უპასუხა კელენჯერიძის მეუღლემ.

მეორე დღეს სამსახურში მისული კელენჯერიძე რუსთაველის 12-ში კავშირგაბმულობის სახლის (იმხანად რადიოკიომიტეტი იქ იყო) შესასვლელშივე ამტყდარა: − არც ასეთი ოპერატიულობა მინდა, არც ასეთი პროფესიონალიზმი, არც სამი დღით ადრე ჟუკოვის მოხსნა და არც გულის ამდენი ხეთქვაო. მოკლედ, როგორც ჩანს, საკავშირო „ТАСС“-ში ვიღაცამ იჩქარა და კულუარული სამთავრობო ინფორმაცია ოფიციალურად გამოცხადებამდე საქინფორმელ ნაცნობ კოლეგას ტელეტაიპით შეატყობინა, რომელიც, ბედის ირონიით, მამას ხელში აღმოჩნდა…

მარინა ბუზუკაშვილი

დატოვე კომენტარი