მაიკო კობახიძე თეატრსა და ცხოვრებაში
მაიკო კობახიძე თეატრსა და ცხოვრებაში

ბოლოს გარდაცვალებამდე ორჯერ ვნახე თბილისში: ჯერ  ეროვნულ ბიბლიოთეკაში  სერგო ფარაჯანოვის საღამოზე, მერე კი ხელოვნების სასახლეში პიერ და ბადრი კობახიძეებისადმი მიძღვნილ ფეშენებელურ გამოფენაზე. ღმერთო ჩემო, რა მშვენიერი იყო, რა ლაღი, რა ბედნიერი. როგორ ბრწყინავდა და ხარობდა. ვინ იფიქრებდა, რომ  ერთი წლის მერე აღარ  იქნებოდა. ძალიან დიდი მადლობა იმ გამოფენის მომწყობთ და თამრიკო ლორთქიფანიძეს.

სანამ მაია კობახიძის მოგონებას უდიდესი  გულისტკივილით განვაგრძობ, ერთ საკითხს შევეხები: დღეს, როცა თანამედროვე სამყაროში ესოდენ მძლავრობს მხოლოდ პირად ხეირსა და გამორჩენაზე გათვლილ ურთიერთობათა ბუღალტერია; როცა ადამიანი ადამიანისთვის, ფაქტობრივად, მგლად იქცა, წარსული ხშირად მახსენებს თავს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იმ დროს ვაიდეალებ: 2000-იანი წლების დამდეგს ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი რუსიკო ვაშაკიძე პროგრამისთვის „ნაშუადღევი“თბილისში სტუმრად მყოფ საერთაშორისო კლასის ჟურნალისტს, მელორ სტურუას მასპინძლობდა. მდიდრული ოტელის ვესტიბიულის სავარძელში მჯდომ, ლონდონსა და ვაშინგტონში ხანგრძლივი ბრწყინვალე კარიერით მოღლილ და უკვე ასაკში მყოფ სტუმარს ყველა ცხოვრებისეული პიკი კარგა ხნის  დაპყრობილი ჰქონდა. კითხვაზე – თუ დარჩა რამე თქვენს ცხოვრებაში, რაზედაც გული გწყდებათ, მელორ სტურუამ გულწრფელად აღიარა: „–ძალიან ვნანობ, თუკი შემეძლო ვინმეს რამეთი დავხმარებოდი და არ დავეხმარე. მერწმუნეთ, ცხოვრებაში ეს ყველაზე მთავარია!“ ისიც მახსოვს, თეატრალურ ინსტიტუტში ჩვენმა რექტორმა ეთერ გუგუშვილმა იმ ავბედით ოცდაჩვიდმეტ წელს დახვრეტილი მამამისის დამჭერ, უშიშროების მაღალჩინოსან ვარლამ რუხაძის  ქალიშვილი ინსტიტუტში სამუშაოდ რომ მიიღო, თანაც, რექტორატში. თუმცა, სამწუხაროდ, ყოფილი მაღალჩინოსნის ასული მალე გარდაიცვალა მძიმე სენით. დღეს, როცა ვუყურებ გარდასული საბჭოთა ეპოქის აღიარებულ ვარსკვლავებზე  გადაღებულ დოკუმენტურ ტელეფილმებს, მათ შემოქმედებას ერთგვარ ცხოვრებისეულ რეფრენად გასდევს  „Она мне  помогла“…  „Я ему помог“… „ Они им помогли“… იყო დრო, როცა  სრულიად უცნობ ადამიანებს ქართული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლებიც ეხმარებოდნენ. უმაღლეს სახელისუფლებო ეშელონებში პრობლემას არაერთ სრულიად უცხო მთხოვნელს უგვარებდნენ. ეს თავიანთ საზოგადოებრივ მისიად მიაჩნდათ და ძალზე  ეამაყებოდათ. არაერთი ასეთი მაგალითის ჩამოთვლა შემიძლია.

მაია კობახიძე, პირველ რიგში, სწორედ ადამიანურ(!!!), ცხოვრებისეულ კონტექსტში  მინდა მოვიგონო. მაიკო თეატრალურ ინსტიტუტში გავიცანი. პირველი კურსის პირველივე ლექციაზე ბრწყინვალე პროფესორ ელენე თოფურიძეს შემოჰყვა ასისტენტად.  მერე თავადაც გვიკითხავდა ლექციებს. მერე ჩემს დასაც უკითხავდა. მერე მაიკო იგორ პილიევს გაჰყვა ცოლად.  იგორი კი ჩემი თანაკურსელი იყო. ყოველივე ამან ძალიან დაგვამეგობრა, თანამოაზრეებად გვაქცია. ჩვენი პირადი ურთიერთობა ჩვენი ოჯახების მეგობრობასა და ახლობლობაში ბუნებრივად გადაიზარდა. რამდენს ვმოგზაურობდით ერთად,  პიერ კობახიძის მშობლიური ხამისქურიდან დაწყებული მოსკოვით დამთავრებული. ვინ მოთვლის უამრავ შეხვედრებსა და ივენთებს. ჩვენი ოჯახის წევრებიც ერთად  ისვენებდნენ სინოპსა თუ ბობოყვათში. მაია და იგორი ჩვენი სამეგობრო წრის გენერატორები იყვნენ. მათთან სამზარეულოში ხშირად ლამის გათენებამდე ვისხედით. ბატონი ბადრიც გვიერთდებოდა. რამდენს ვკამათობდით, ვმსჯელობდით, რას აღარ განვიხილავდით – პროფესიულად და პიროვნულად ვიზრდებოდით. იმ დაუვიწყარი შეხვედრების სულისკვეთების საილუსტრაციოდ ფრაგმენტს მოვიხმობ მიხაილ ფელდმანის პოეტური ოპუსიდან “Свеча Пастернака“:

„… Сколко было открытий! Как мы строили замки!

Как надеялись выйти за  постылые рамки,

Сколько чуши пороли головою и сердцем –

Всë искали пароли к заколдованным дверцам,

Всë не спали ночами в ожидании знака,

Согреваясь лучами от свечи  Пастернака“…

(დღვანდელი  კონიუნქტურული ფონის გათვალისწინებით, ყოველი შემთხვევისთვის ბოდიშს ვიხდი რუსული ტექსტის გამო. თუმცა, იმასაც ვითვალისწინებ, რომ  კულტურულ მკითხველზე ვაპელირებ. ამასთან დაკავშირებით, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზის ავანზალში გამართულ ერთ-ერთ საკავშირო  სიმპოზიუმზე გენიალური მეიერჰოლდისტის, კონსტანტინ რუდნიცკის ის გამოსვლა მახსენდება, როცა ერთმა დამწყებმა ბალტიისპირელმა კრიტიკოსმა სიტყვა უხეშად შეაწყვეტინა: – რატომ უნდა გისმენდეთ ეხლა თქვენ რუსულად, როცა მე რომელიმე ფრანგის ან ამერიკელის გამოსვლა უფრო მაინტერესებსო. ღვაწლმოსილმა მეცნიერმა ამ უზრდელობას არ უპასუხა).

ინსტიტუტის მერე ყოველი შეხვედრისას მთხოვდა, დისერტაციის დაცვას ნუ აგვიანებო. ერთ ზაფხულს  წყნეთის სამთავრობო აგარაკიდან დამირეკა, საღამოს ამოდიო. ავედი. მითხრა, იგორი სერიოზულად ფიქრობს მოსკოვში გადასვლაზე. არ ვიცი, როგორ გავრისკო, ეს მოწესრიგებული ყოფა როგორ მივატოვოო. გამომშვიდობებისას  კი გამომიცხადა: როგორც ჩანს, დისერტაციისთვის თავის  მოსაბმელად გარკვეული რეჟიმი გჭირდება.  ჩვენ შენთვის ლენინგრადის ასპირანტურაში ჩაბარება მოვიფიქრეთ. ხვალ სამსახურში იგორი მანქანით მოგაკითხავს და ლენინგრადში გასაგზავნი საბუთების შეგროვებაში დაგეხმარებაო. აი ასე, მაიკოს ძალდატანებით წავედი ლენინგრადში. იქ დაბინავების პრობლემაც აქედან მომიგვარა. სამეცადინოდ წიგნებიც მისივე ბარათით გამოვიტანე ჩვენი ინსტიტუტის  ბიბლიოთეკიდან და პირთამდე სავსე ჩემოდნით გავემგზავრე. რა ტყუილად ვიწვალეთ – ბიბლიოთეკა და წიგნები ლენინგრადშიც ხომ იყო. სხვა დროსაც, არც კი ვიცოდი, ისე ფიქრობდა, თუ რა და როგორ აჯობებდა ჩემთვის ან რომელიმე მეგობრისთვის. ყველას გვახსოვს მისი უზარმაზარი ამაგი და ძალისხმევა ირა პოდკოპაევაზე, რითაც აშკარად დასაღუპად განწირული ნიჭიერი მსახიობი ნორმალური ცხოვრებისკენ შემოაბრუნა. ჯერ იყო და, კაი ხანს თავისთან სახლში აცხოვრა და მკურნალობაში ხელს უწყობდა, რაც ნამდვილად არ იყო იოლი. მერე კი მაშინდელი მთაწმინდის რაიონის ხელმძღვანელ ვაჟა ლორთქიფანიძესთან რეკომენდაცია გაუწია, რის შედეგადაც მსახიობს ოროთახიანი ბინა მისცეს მაჩაბლის ქუჩაზე. ამგვარი თანადგომით ირას პროფესიული კარიერაც შეანარჩუნებინა. თუმცა, საბოლოოდ, ისიც მოსკოვში გადავიდა. სხვათა შორის, ირა გენიალური რეჟისორის, ნეკროშუსის  თანაკურსელი  იყო. ისიც მახსოვს, მაიკომ თეატრალური ინსტიტუტის ერთ-ერთ დიპლომანტს ბანკეტისთვის წყნეთში ვირსალაძეების აგარაკი რომ დაუთმო. ასე რომ, ყოველგვარი კომპლიმენტარულობის გარეშე, თუკი ვინმეზე ფიგურალურად ითქმოდა „Бюро добрых услуг“ ან „Распахнутая душа“, მაიკო პირველთა შორის მოიაზრებოდა. ეს  ყოველივე კი ოჯახიდან თანდაყოლილი სულიერი სიმაღლისა და ნატიფი კულტურის შედეგი იყო. ოჯახიდან, რომლისთვისაც  მნიშვნელობა არ ჰქონდა ადამიანის ეროვნებას ან სოციალურ ცენზს. მახსოვს, ერთ-ერთ წვეულებაზე მათთან სახლში  სტუმრად მყოფი  ვალენტინ გაფტის, ალექსანდრ ბარტაშევიჩის, ვენია და ალიკა სმეხოვების, ადოლფ  შაპიროს, ლეონიდ იერმოლნიკის, კატია უფიმცევას, ოვიკ ოვოიანის და სხვა  არაერთი მეტად  მჟღერი  პერსონის გვერდით,  სუფრას უსხდნენ  გრიბოედოვის თეატრის გამნათებელი ყმაწვილი სამველი და ბატონი  ბადრის მძღოლი არკაშა.

პიერ კობახიძე

რაც შეეხება მის პროფესიონალიზმს: ერთ-ერთ საკავშირო  თბილისურ ფესტივალზე, მარჯანიშვილის თეატრში მარკ ზახაროვის მიერ „Ленком“-ში დადგმული შექსპირი წარმოადგინეს. სპექტაკლის მერე, განხილვაზე სიტყვა მაია კობახიძეს მისცეს.  მან საოცარი ტაქტითა და კომპეტენტური სიღრმით სპექტაკლი, რომ იტყვიან,  მიწასთან გაასწორა. აუდიტორია გატრუნული უსმენდა. მარკ ზახაროვი გაფითრებული. ამ ყოველივეთი უკმაყოფილო გიგა ლორთქიფანიძე, როგორც ქართული თეატრის თავკაცი, მასპინძლურ დისკომფორტსა და წყრომას ვერ მალავდა. მაიას ის გამოსვლა არამარტო თეატრალური კრიტიკის, არამედ  თეატრალური ფილოსოფიის და ორატორული ხელოვნების ანუ ელოკვენციის  უმაღლესი სტანდარტი გახლდათ. და საერთოდაც, რასაც იტყოდა, ლაზათიანად იტყოდა, თუნდაც ერთი ფრაზით: მაჩაბლის ქუჩის სკვერში სანდრო ახმეტელის ბიუსტის (ავტორი –  მერაბ ბერძენიშვილი) გახსნაზე ვიყავით. როცა ტილო ჩამოხსნეს, მაიკომ ბიუსტს თვალი შეავლო და გაიღიმა: – Он на римского патриция похож!..  უთუოდ უნდა გავიხსენო თეატრის  მოღვაწეთა კავშირის ერთ-ერთი ყრილობაც, მაშინდელი უზენაესი საბჭოს (ამჟამინდელი პარლამენტის) პლენარულ დარბაზში რომ გაიმართა. სწორედ იმ ყრილობაზე დადგა გრიგოლ რობაქიძის  რეაბილიტირების საკითხი. ყრილობის  დამსწრეთა შორის მეც გახლდით და დარბაზში მაიას გვერდით ვიჯექი. ბატონი ბადრი, როგორც სპიკერი, პრეზიდიუმიდან წარმართავდა თეატრალთა იმ მეტად  წარმომადგენლობით  თავშეყრას.  ყრილობის მაღალი ტრიბუნა  მაია კობახიძესაც დაეთმო. როგორც ყოველთვის, მისი ის გამოსვლაც  აღსავსე იყო  საქმიანი პრინციპულობით  და საგულისხმო  მესიჯებით.  სიტყვა არაერთხელ შეაწყვეტინეს  ტაშით. საღამოს კი, ტრადიციულად,  კობახიძეებთან სახლში შევიკრიბეთ. ბატონი ბადრიც შემოგვიერთდა. რაღაც მომენტში მომიტრიალდა და მითხრა:

– იცი, დღეს მაიკოს გამოსვლისას  პრეზიდიუმიდან დარბაზში თვალს არ გაცილებდი. ჩუმად გტესტავდი. ეგებ რაღაც შური შემემჩნია. შენც არ მომიკვდე. სკამიდან წინწამოწეული  გაფაციცებით უსმენდი და თანხმობის ნიშნად უნებურად თავს უქნევდი. ყოჩაღ, მაიკოსთან შენს ნაღდ ურთიერთობაში  საბოლოოდ დავრწმუნდი და  გამეხარდა. არ გეწყინოს – მამა ვარ და მაინტერესებდა, ჩემი შვილი მეგობარში ხომ არ ცდებოდაო.

როცა მარჯანიშვილის თეატრში თელაველებმა „ალალე“ წარმოადგინეს, სპექტაკლის მერე იგორმა მანქანით წამოგვიყვანა ბატონი ბადრი, მაიკო, მე და ჩემი და. წარმოდგენაში მოჭარბებულმა დოლ-გარმონმა და ტაშ-ფანდურმა, ეტყობა, ბატონ ბადრის გუნება-განწყობილება გამოუკეთა და, –  სპექტაკლი მომეწონაო, გვითხრა. – რას ამბობ, – მოიღუშა მაიკო. რომ ვერ შეთანხმდნენ, – შენ რას იტყვიო, – მომიბრუნდა ბატონი ბადრი. მამათა და შვილთა დაპირისპირების „კლასიკურ სქემაში“ არბიტრის როლი არ მომეწონა და სასწრაფოდ რედაქციიდან გამოყოლილ იმდღევანდელ „ცხელ“ ნიუსზე გადავატანინე ყურადღება.

მაია კობახიძის სამეცნიერო ჰიპოსტასის საილუსტრაციოდ მისი დისერტაციის გახსენებაც კმარა. თემა აბსურდის თეატრს, კონკრეტულად კი ჰაროლდ პინტერის შემოქმედებას ეხებოდა. აბსურდის მიმდინარეობა იმ საბჭოთა დროში  ჩვენთან ბურჟუაზიულ იდეოლოგიად ითვლებოდა და იკრძალებოდა ისევე, როგორც  ომის შემდგომი ევროპული   ინტელექტუალიზმის სხვა განშტოებები. დასავლეთში უკვე კლასიკად ქცეული ის განშტოებები ჩვენში მაშინ ახალი, „ეგზოტიკური“ და თან, უიშვიათესი  ხილი იყო.  ერთადერთი, რაც  მათ შესახებ ინფორმაციას იძლეოდა, იყო მოსკოვში ლამის დისიდენტურად და ძალზე მცირე ტირაჟით გამოცემული ბრწყინვალე კრებული „На сцене и в кино“. ეს გახლდათ ლონდონის გაზეთ „ობზერვერის“ მიმომხილველის, კენეტ ტაინენის  გენიალური სტატიების რჩეული, რომელიც ძალზე ძნელად ხელმისაწვდომი იყო. ჩვენს საჯარო ბიბლიოთეკას ერთადერთი ეგზემპლარი გააჩნდა და მასზე  ნამდვილი ნადირობა იყო გაჩაღებული. ამ  ფონზე, მაშინდელი პროგრესული პერსონების ძალისხმევით ნიკო ყიასაშვილთან და გელა ჩარკვიანთან შტუდირებული ბრწყინვალე ინგლისურით,  მაია კობახიძე პირადად ჰაროლდ პინტერთან  სტაჟირების გასავლელად  და  დისერტაციის  მოსამზადებლად ერთი წლით  ლონდონში მიავლინეს.

დისერტაციის დაცვა თბილისში  ნამდვილი კულტურული შოკი იყო. საკავშირო სივრცეშიც კი პრეცედენტი და კულტურული გარღვევაც გახლდათ და მას თითქმის მთელი საბჭოთა კავშირის  ინტელექტუალური ელიტა  ესწრებოდა. თეატრალური ინსტიტუტის მეოთხე  სართულის  სააქტო დარბაზში  ფეხზე დასადგომი ადგილიც არ იყო. სპეციალურად ჩამოსულ სტუმართა  არნახული რაოდენობის გათვალისწინებით, მაიამ მსჯელობა რუსულ  ენაზე სპონტანურად  წარმართა. შეკითხვებსა და კამათს ბოლო არ  უჩანდა. დისერტანტი ძალზე ღრმად და არგუმენტირებულად, თან, მომხიბვლელი შარმით  პასუხობდა. არ ვაჭარბებ, ეს ნამდვილი ტრიუმფი და კულტურული გარღვევა იყო!

ერთი დეტალი მისი ლონდონური პერიოდიდან: იმ ერთწლიანი მივლინების შუაში  მაიკოს ორკვირიანი არდადეგები ერგებოდა და, როგორც ტურისტს, შეეძლო ინგლისში ემოგზაურა. ამას სამივლინებო პროგრამა ითვალისწინებდა. მითხრა, ამ შემოთავაზებაზე კატეგორიული უარი განვაცხადე და სასწრაფოდ თბილისში გამოვვარდი. ნახევარი წლის უნახავ ჩემებთან ერთად, იგორიც ძალიან მენატრებოდა. სწორედ მაშინ გამოვუტყდი დათო ვირსალაძეს, რომ მასთან განქორწინება და იგორის ცოლად გაყოლა მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი. დათომ ყველაფერი კარგად გაიაზრა და მირჩია: – ჯერ წადი, კუთვნილი მეორე სემესტრი მოითავე და რომ დაბრუნდები, მერე  განვქორწინდეთ. ახლა რომ გავიყაროთ, მოსკოვი ლონდონში ხელახლა გამგზავრების ნებას აღარ დაგრთავსო. მეც მაშინვე  დავეთანხმე და ამის გამო დღემდე მისი ძალიან მადლობელი ვარო. ეს ფრაგმენტი დიდი ადამიანური კულტურის, პიროვნული სიმაღლის საილუსტრაციოდ მოვიხმე. გაყრა ხომ თავისთავად უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ ასეთ დროს გამოვლენილი ესოდენი ურთიერთპატივისცემა მართლაც გასაოცარია (მაიკო ოჯახით შესანიშნავ ურთიერთობებს ინარჩუნებდა როგორც ვირსალაძეებთან, ისე ტასიკოს ყოფილ მეუღლე, ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან). მერე მაია  შეერთებულ  შტატებში  მიიწვიეს ხანგრძლივ პროფესიულ  პრაქტიკაზე. მერე კი პარიზში. სხვათა შორის,  სწორედ  მაიკოს თარგმნილია ქართულად გიორგი ტოვსტონოგოვის შესანიშნავი წიგნი „რეჟისორის პროფესია“. წიგნი, რომელსაც დღემდე  არ დაუკარგავს  ქრესტომათიული მნიშვნელობა.

სხვა დანარჩენთან ერთად, მაიკოს ბადრისგან მემკვიდრეობად  ადამიანური კავშირების უმდიდრესი სპექტრი და ვრცელი გეოგრაფია ერგო. უამრავ მეგობართა შორის  გამორჩეულად ღირსეული  მიხაილ შვიდკოი გახლდათ. როცა ბადრი გარდაიცვალა, ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე  მიმავალმა  მიხაილ ეფიმიჩმა  მარშრუტი მყისიერად შეცვალა – მოსკოვიდან  ჯერ თბილისში ჩამოფრინდა ნახევარი საათით, დაკრძალვამდე მეგობრის  ცხედარს გამოეთხოვა და სასწრაფოდ უცხოეთში გაფრინდა. როცა შვიდკოი საქვეყნოდ ცნობილი  ჟურნალ „Театр“-ის  რედაქტორი გახლდათ, მის შემოქმედებით ლაბორატორიაში  საკავშირო სემინარზე  თბილისიდან  მაიკო და მე გაგვაგზავნეს. მაშინ  მართლაც დიდი სკოლა გავიარეთ არამარტო პროფესიული, ადამიანური თვალსაზრისითაც. მათთან სახლში (ტვერსკაიაზე ცხოვრობდნენ,  ახალი „MXAT“-ის მოპირდაპირედ) სადილად მიგვიწვია   შვიდკოის  მეუღლემ – მარინამ (მკითხველს შევახსენებ: მარინა გია   დანელიას „მიმინოში“  ის სტიუარდესაა, რომლის გამოც ბუბა კიკაბიძის პერსონაჟი მზად არის თვითმფრინავიდან  გადახტეს). შვიდკოების ბინა იმავე სართულზე ფოტოხელოვან ვიქტორ და მსახიობ საშა  ბაჟენოვების ბინის მოპირდაპირედ აღმოჩნდა. ცოლ-ქმარი ბაჟენოვები ჩემი  ოჯახის მეგობრები იყვნენ და მოგვიანებით  სტუმრობა  მათთან განვაგრძეთ. სხვათა შორის, ჩვენი პატრიარქის 80 წლის იუბილეზე სტუმრად ჩამოსული  მიხაილ ეფიმიჩი  საპატრიარქოში ღამის 12 საათზე  ბანკეტის დასრულებისას ვნახე. მისი სემინარები მოვაგონე. მაიკოც მოვიკითხე. რაკი ჩვენს ამ შეხვედრას თვით უწმინდესიც შეესწრო, მაღალ სტუმარს მართლაც უნიკალური ფაქტი გავუმხილე:

– იცით, მე, აბსოლუტურად რიგით ებრაელს, პლანეტარული ავტორიტეტის მქონე ჩვენი მართლმადიდებელი პატრიარქი ყურადღებას და ნუგეშს არ მაკლებს-მეთქი. სახეგაბადრულმა უწმინდესმა ბავშვივით დაიმორცხვა. „Да. Он у нас вот такой славный“ –გაიღიმა შვიდკოიმ და პატრიარქს მხარზე ეამბორა.

როცა კოტე მახარაძემ „ერთი მსახიობის თეატრში“ ლიტნაწილად მიმიწვია, ერთხელ შუაღამისას მაიას და იგორის სატელეფონო ზარმა გამომაღვიძა: – ეს წუთია, ნუგზარ ნადარაიასთან საოჯახო წვეულებიდან დავბრუნდით. თამადა კოტე მახარაძე იყო  და ჩვენი ოჯახის სადღეგრძელოს ერთი „პარაგრაფი“ პირადად შენ მოგიძღვნა. უნდა გენახა, ბაკურ გულუას და ბონდო ჯიქიას  შენს თავს როგორ უპიარებდაო. მათი ნათქვამი, ნამძინარევს, რა თქმა უნდა, მესიამოვნა და გავიტრუნე. „– Марин, ты что,  ханжа?“ – მსუსხავი რეპლიკით გამომაფხიზლა უნებლიე ხიბლიდან იგორმა და სამივენი ტელეფონში გულიანად ავხარხარდით.

კულტურის სამინისტროში მინისტრის პირველ  მოადგილედ  მაიას დანიშვნა გაზეთ „დრონში“ ჩემს ჟურნალისტურ პერიოდს დაემთხვა. მაშინ მინისტრის პოსტზე ვალერი ასათიანი დათო მაღრაძემ შეცვალა. ბატონი ვალერი კი „ცეკას“ კულტურის განყოფილებაში გადაიყვანეს. ჩვენი კულტურის თვალსაჩინო  ფეისები ძველი ინერციით თუ ახალგაზრდა მინისტრისა და მისი პირველი მოადგილისთვის  შეგნებულად გვერდის ავლით, საქმეს  კვლავ ვალერი ასათიანთან იჭერდნენ, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვან სირთულეებს ქმნიდა. მტკიცედ გადავწყვიტე – ფარული საბოტაჟი გაზეთით გამესაჯაროვებინა. ეს ჩემი პრინციპული ჟურნალისტური და პიროვნული პოზიცია იყო – აბსოლუტურად დისტანცირებული  ყოველგვარი პირადი ურთიერთობებისგან.

მერე კი მაიამ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის  პოსტი დატოვა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. ტასიკო ლომონოსოვის  უნივერსიტეტის  ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ნეკა დიდი თეატრის საბალეტო დასის სოლისტი გახდა (სხვათა შორის, სანამ ნეკა დიდი თეატრის საბალეტო სტუდიაში სწავლობდა, ის და მაიკოს დედა,  ქალბატონი ნელი ბოკუჩავა, მოსკოვში ბალეტის ცნობილ ვარსკვლავ  მიხაილ ლავროვსკის დედასთან, ქალბატონ ელენე  ჩიკვაიძესთან ცხოვრობდნენ მასპინძლის გარდაცვალებამდე. ნეკასთან დაკავშირებით ერთი სახალისო ფრაგმენტი მისი ბავშვობიდან: დილით ახალგამოღვიძებული ნეკა ბებიას მაიკოზე ნანახ თავის სიზმარს უყვებოდა, რასაც ბატონი ბადრი შემოესწრო და დაინტერესდა: – მერე, მერე? ნეკა გაოცდა: – რა მერე, შენც ხომ იქ იყავი?!).  მოსკოვში იგორი მიხაილ  შვიდკოის  ძალისხმევით გახსნილი ძალიან კარგი ტელეარხის, „კულტურის“ დირექტორის მოადგილედ მიიწვიეს. მაიკო, როგორც პროფესიონალი, მოსკოვისთვისაც სასურველი კადრი აღმოჩნდა. ახალ სივრცეში ინტეგრირება, რა თქმა უნდა, არ გასჭირვებია და ბრწყინვალე კარიერა იქაც განაგრძო. ჯერ იყო და, რუსეთის კულტურის მინისტრის, მიხაილ შვიდკოის მოადგილე გახდა. მერე შვიდკოის მიერვე დაარსებული  საერთაშორისო კულტურული კავშირების მაკოორდინებელი ცენტრის დირექტორის მოდგილე. ბოლოს, შვიდკოი, საერთაშორისო კულტურული კავშირების განხრით, რუსეთის პრეზიდენტის  პირად მრჩველად გადაიყვანეს და დღემდე იმ პოსტზეა. მაია კი რუსეთის სატელევიზიო პრემიების – „ტეფის“ ანუ რუსული ტელეოსკარების  მიმნიჭებელი კომიტეტის  პრეზიდენტად აირჩიეს, სადაც ის ბოლომდე   პოზიციონირებდა.

ჩვენ კი, მისი თბილისელი მეგობრები, სასტიკი ცხოვრების პირისპირ დარჩენილები,  დავიშალეთ, დავცალკევდით და ამ პროცესს ალბათ ყველაზე უკეთ  ზემოთ უკვე მოხმობილი იმავე მიხაილ ფელდმანის  ლექსის გაგრძელება გამოხატავს:

„ … Побренчим на гитаре, попоем  о высоком:

Про отсутсвие рамок, про те старые кухни,

Про воздушный наш замок, что возьми, да и рухни,

О свече Пастернака и о прочем, о вечном,

Что не вышло, однако, в суете уберечь нам…”

 

დიდუბის პანთეონის ეკლესიაში  თბილისელმა მეგობრებმა  მაიკოს სულის საოხი  პანაშვიდი  მოსკოვში მისი დაკრძალვის მომენტს  სინქრონულად  დაამთხვიეს.  მერე პიერის, ბადრის და ქალბატონ ნელის საფლავზე გავედით. როცა იმ  პანაშვიდზე მივდიოდი,  სანაპიროზე  ტაქსმა გზად კობახიძეების  ყოფილ სახლს ჩაუარა. თვალში მეცა ფასადის კედელზე  მემორიალური დაფების რიგი. ეკლესიაში მისულმა  გულსუნდა სიხარულიძეს ვუთხარი, ალბათ იმ სახლზე ბადრი და მაია კობახიძეების მემორიალური დაფის გახსნის საკითხიც უნდა  დაისვას-მეთქი.  მაგ დაფას მე თვითონ, პირადად გავაკრავ, არავის ვთხოვო, მითხრა გულსუნდამ.

მახსოვს, ვაკის სასაფლაოზე ბატონი ბადრის დედის, ვალია მშვიდობაძის  დაკრძალვიდან  ვბრუნდებოდით. მაია ცალ ხელს პალტოს ჯიბიდან  არ იღებდა. – იცი, ახლა  ვალიას ბროში შევხსენი და სახსოვრად დავიტოვე. ჯიბეში მიდევს და ხელს ვერ ვუშვებ. ისეთი შეგრძნება მაქვს,  როგორც ბავშვობაში, როცა ხელჩაკიდებულს დამატარებდაო. უცნაურია, სახეზე ბავშური უშუალობა და სინორჩე მაიას ბოლომდე  შერჩა. ეს მისი ქარიზმა იყო. არ მახსოვს, ვინ მითხრა ერთხელ, მაია კობახიძეს და მარინა დმიტრიევსკაიას (პეტერბურგელი კრიტიკოსი) რომ ვუყურებ, მარადიული ბავშვობის ნამდვილად მჯერა. მათი დაბერება ვერ წარმომიდგენიაო.  ეტყობა, ასე მალე რომ უნდა წასულიყო, იმიტომ იცხოვრა  ძალზე ტევადი, საინტერესო და  სისხლსავსე ცხოვრებით. თითქმის ყველაფერს მოესწრო, სიბერის გარდა. ამ ყოველივეზე წიგნიც კი დაიწერება.

ამბობენ,  ადამიანმა გაჭირვება თავად თუ არ გამოიარა, სხვის უბედურებას ვერ გაიგებს, ვერავის დაეხმარებაო. სამწუხაროდ, ასეთია უბედურების სპეციფიკა. მაგრამ მაიას შემთხვევაში ეს ცხოვრებისეული თეზა გამორიცხული იყო. პარადოქსია, მაგრამ პიერ და ბადრი კობახიძეების დედისერთა,  ნებიერ შთამომავალს ადამიანების და მათი მძიმე პრობლემების კარგად ესმოდა. როცა პოლიტიკურმა რეალობამ ჩვენს ოჯახს თავს იმგვარი სისასტიკე დაატეხა, თვით „სისასტიკის თეატრის“ მამას, ანტონენ არტოს ვერც დაესიზმრებოდა, პროფესიას ჩამოვცილდი, წერა საერთოდ შევწყვიტე. ჩემთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა. მაიკო მოსკოვში კარგა ხნის გადასული იყო. ერთ–ერთ  ჩამოსვლაზე, უხერხულობა რომ  არ მეგრძნო, გოგი ყაჯრიშვილს ჩემთვის თანხა დაუტოვა, რომ გავემგზავრები, მერე გადაეციო. ვიცი, რომ მატერიალურად ჩვენს აწ გარდაცვლილ კოლეგასაც ეხმარებოდა.

თბილისში რომ დარჩენილიყო, არ ვიცი, ურთიერთობები როგორ გაგრძელდებოდა. ზემოაღნიშნული ამბების მერე ხომ ეპოქა რადიკალურად შეიცვალა, სამყარო ხომ უკიდურესად გასასტიკდა. ეს ყოველივე კი ადამიანებზე  დაილექა და აისახა, რადგან  ცხოვრება  ცხოვრებაა და დროს თავისი ულმობელი კანონები აქვს. მაგრამ არ მინდა ამ შემზარავ რეალობაზე ფიქრი. მთავარია,  რომ მაიკომ თბილი  მოგონებები და პოზიტიური ენერგეტიკა უხვად დამიტოვა (თუ გნებავთ, ესეც ესოდენ გაპიარებულ ქართულ-ებრაულ 26-საუკუნოვან ურთიერთობათა ერთი კონკრეტული მაგალითი!). რაც ესოდენ ვრცელ წერილში ანუ მის სახელდახელო პორტრეტში მოვიხმე, ზღვაში წვეთია და  ამისთვის უღრმესი მადლობა მას. სამწუხაროდ, ჩვენი პროფესიის სპეციფიკიდან  გამომდინარე,  თეატრმცოდნეები სულ სხვებზე წერენ. თეატრმცოდნეებზე არავინ წერს. ჩემი ამ წერილის მოცულობა    სწორედ ამ  სამწუხარო სპეციფიკამ განაპირობა.

ჩემდა სამარცხვინოდ, იგორთან და  გოგონებთან არ დამირეკია. არ ვიცი, რა და როგორ ვუთხრა, რით ვანუგეშო. არც ის ვიცი, ეს წერილი როგორ  დავასრულო. ალბათ ისევ  ზემოთ უკვე  ორგზის  ციტირებული  ფელდმანისეული „სანთლის“ ფინალური სტრიქონებით:

„…Приходите, ребята, вы ко мне на поминки, –

Бытие и утрата – это две половинки.

Ну а в целом, а в целом, было мило – не так ли? –

Прошвырнуться по сценам в этом дивном спектакле.

Я прошу вас  – не плачьте, ни о чëм не горюйте,

Хватит лазить по мачте, – посидите в каюте,

Просто так посидите в пустоте полумрака

И зажгите, зажгите мне свечу Пастернака…”

 

P.S. ეს წერილი კარგა ხნის დაწერილი მქონდა, როცა თამრიკო ლორთქიფანიძემ მაიკოს გარდაცვალებაზე მოსკოველთა გამოხმაურებები მომაწოდა. ამ დიდი გულისტკივილით აღსავსე ტექსტებიდან მინდა ნატალია უვაროვას ერთი ფრაგმენტი მოვიხმო: „Я помню, как Майя на планерках у М.Е. Швыдкого писала в блокноте японские иероглифы. Ей удалось выучить язык этой любимой для нее страны. Причем брала уроки каллиграфии и даже сделала несколько картин, две из которых висели у нее в кабинете. Помню,  когда Майя только начинала учиться писать иероглифы, очень стеснялась и если кто-то это видел, сразу закрывала блокнот. Но он всегда был при ней – и на планерках, и на совещаниях, и на коллегиях… Ведь фестиваль российской культуры в Японии придумала именно она... С невероятной одержимостью пробивала и сегодня это очень важный фестиваль. Она очень любила Японию. Считала, что если и есть рай на Земле, то он – именно в этом месте. Любила все, что связано с этой страной – лица людей, язык, иероглифы, кимано, особую деликатность манер… В шутку или всерьез – говорила, что под конец жизни хотела бы жить в маленькой японской деревушке, смотреть на японские садики с их ручейками и водопадами… И неизменная орхидея в ее кабинете – и на пятом этаже в Китай-городе, и на третьем – в Гнездниковском, и на Беговой в ТЭФИ. Сегодня заходила в ее кабинет – ее любимая орхидея умерла. Это факт, а не аллегория…  Вспомнила известную японскую поговорку – «Опавшая орхидея уже не вернется на ветку». Оторвался последний цветок. И Майи с нами нет. აი,  ასე უერთგულა ორქიდეამ მაიკოს. მის წასვლას ვერ შეეგუა და თავი მოიკლა…

 

მარინა ბუზუკაშვილი