ისევ წარსულის „მოზაიკიდან“
ისევ წარსულის „მოზაიკიდან“

… მამაჩემს, ამ საოცრად ტრაგიკული ბედის კაცს, ქართული ღიმილის უნიკალური არქივიც ჰქონდა. იმ არქივიდან ერთ სახალისო ფრაგმენტს მოვიხმობ, რომელიც მამას დიდმა ივანე ჯავახიშვილმა თავისი ხელით ჩაუწერა ჟურნალისტის რვეულში (მაშინ ბლოკნოტი არ იყო). დიდი მეცნიერი ძალზე ხალისობდა ამ ისტორიით და როცა ამ ამბავს იხსენებდა მომღიმარ სახეზე ნათელი ეფინებოდა. შეგახსენებთ,  ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებაში დარგი არ დარჩენილა, ივანე ჯავახიშვილს უდიდესი წვლილი  რომ არ შეეტანა:


„ერთხელ, მატარებლით თბილისში მომავალმა, ერთ − ერთ სადგურზე ღვეზელი  ვიყიდე.  საშინლად მომწამლა. გაღიზიანებული კუჭ-ნაწლავის დასაამებლად ექიმმა საქონლის ტვინის დიეტა დამინიშნა. ოჯახის წევრები ჩემთვის ტვინს ყოველდღე ყიდულობდნენ ცნობილ ყასაბ ედიშერასთან − ჭიაურელთან (ყასაბი ედიშერ ჭიაურელი მიხეილ ჭიაურელის მამა და სოფიკო ჭიაურელის ბაბუა გახლდათ − თ.ბ.).

ერთ დღესაც, ტვინის საყიდლად მისულებს, ედიშერა ვიღაცასთან მოჩხუბარი დახვედრიათ. ტვინის მუშტრები რომ დაუნახავს, გაბრაზებული მოტრიალებულა და მკვახედ მიუხლია:

– თქვენა კიდენა, რა ტვინი წაიღეთ, ვინა გყამთ ეგეთი უტვინო,  ამდენ ტვინს ასჭმევთ და ვერაფერი ეშველაო“…

სხვათა შორის, მამაჩემი დიდად მეგობრობდა ივანე ჯავახიშვილის შვილთან, ბატონ ლალი ჯავახიშვილთან, რომელიც, თავის მხრივ, შესანიშნავი მეცნიერი გახლდათ.

 

***

 

მოსკოვში ქართული კულტურის დეკადაზე ჩასულ ჩვენს ხელოვანებს უმაღლესი დონის სამთავრობო დარბაზობაზე უმასპინძლეს. ქართული ელიტის თვალსაჩინო წარმომადგენელთა შორის მიხეილ ჭიაურელიც გახლდათ, რომელსაც სტალინმა მეტად თბილი შეხვედრა მოუწყო. ცნობილ კინორეჟისორს ბელადი გადაეხვია, გულთბილად მოიკითხა და  – რით შემიძლია დაგეხმაროო, – ჰკითხა.

ჭიაურელმა დიდი მადლობა გადაუხადა და სთხოვა:

– თუ შეიძლება, თქვენი ფოტოსურათი მაჩუქეთ თქვენივე ავტოგრაფითო.

სტალინმა თავისი ფოტო სასწრაფოდ მოატანინა, ძალზე თბილი სამახსოვრო წარწერით გააფორმა და აღფრთოვანებულ კინორეჟისორს გადასცა. მანაც, თავის მხრივ, დიდი რევერანსებით სასწრაფოდ პიჯაკის გულისჯიბეში მრავალმნიშვნელოვნად ჩაიცურა.

გარკვეული ხნის შემდეგ, როცა თბილისში მიხეილ ჭიაურელს სახლში უშიშროების წარმომადგენლებმა მიაკითხეს, ტახტზე არხეინად წამოწოლილმა კინორეჟისორმა კომოდზე დავანებულ სტალინის სურათზე მიანიშნა და – უკანა მხარეს წარწერა წაიკითხეთო, – უთხრა.

უშიშროების მაღალჩინოსნებმა ბელადის სამახსოვრო წარწერა წაიკითხეს, შეცბუნებულებმა ბოდიში მოიხადეს და იქაურობა სასწრაფოდ დატოვეს.

აი, ასე იხსნა ჭიაურელის წინდახედულობამ დიდი რეჟისორი გარდაუვალი უბედურებისგან.

 

***

 

ვისარგებლებ შემთხვევით და  მამას ნაამბობ ერთგვარად სახალისო ამბავს გავიხსენებ. მანამდე კი აღვნიშნავ, რომ ჭიათურის მარგანეცის საბადოებს თავის დროზე ამერიკელი მეწარმე –  ჰარიმანი ფლობდა (გასაბჭოებამდე სწორედ მისი საქმიანი პარტნიორი ბაბუაჩემიც იყო). მეწარმე ჰარიმანი გახლდათ მამა ავერელ ჰარიმანის –  შემდგომში საბჭოთა კავშირში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის. ელჩის, რომელიც ნამდვილად არ იყო სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაში კომფორტული პარნიორი მაშინდელი კრემლისთვის.

სტალინი,ბერია,ჰარიმანი

დიპლომატიური მისიის ამოწურვის გამო ავერელ ჰარიმანი კრემლში სტალინთან გამოსამშვიდობებლად მივიდა. შეხვედრას ბერიაც ესწრებოდა. ხაზგასმულად თავაზიანი საუბრისას, რაღაც მომენტში, სტალინმა ბერიას მოულოდნელად ქართულად გადაულაპარაკა:

– ძლივს არ მოვიშორეთ ეს შობელძაღლი!..

პროტოკოლური ფორმალობებისა და რევერანსების შემდეგ გაცილებისას სტუმარი კარებთან მოტრიალდა და მასპინძლებს ქართულად უთხრა:

– აბა, სულ ბედნიერად და კეთილად ბრძანდებოდეთო, – და კარებში გავიდა.

ჰარიმანის ამ ნიშნისმომგები ჟესტით შემცბარ სტალინს ბერიასათვის შავი დღე უყრია:

– საბჭოთა უშიშროების შეფს ჰარიმანის ქართულის შესახებ როგორ არ უნდა გცოდნოდაო!

საქმე ის არის, რომ ჭიათურაში მამამისის  მეწარმეობის პერიოდში პატარა ავერელს ადგილობრივ თანატოლებთან თამაშისას ქართული მშვენივრად უსწავლია…

 

მარინა ბუზუკაშვილი