და რა ქალი?!.
და რა ქალი?!.

როცა საბჭოთა წყობა საბაზრო ეკონომიკის ფორმატზე გადაეწყო, ჩვენში დატრიალებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, ფსიქოლოგიურ და მენტალურ ქარტეხილებს ლოგიკურ შედეგად ფასეულობათა გადაფასება მოჰყვა. როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ ღირებულებათა ბევრი მოვლენა ნიველირების, დევალვაციის, ინფლაციის, ფალსიფიკაციის მსხვერპლი აღმოჩნდა. ახალმა პოლიტიკურმა ფორმაციამ პრიორიტეტი ბიზნესს მიაკუთვნა.

საქართველოში ბიზნესი ის-ის იყო ფეხს იკიდებდა, ანუ ოფიციალურ აღიარებას იწყებდა და მახსოვს, ქუჩაში კარგა ხნის უნახავი კოლეგა შემხვდა:

– ბიზნესი დავიწყეო, – მომახარა.

გაკვირვება რომ შემატყო, ამიხსნა:

– სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა 5 მანეთი გახდა, მეტროთი კი 5 კაპიკად დავდივარო.

რომ დავშორდით, მის „ბიზნესზე” ფიქრს შევყევი და სადღაც ამოკითხული ამბავი გამახსენდა: იტალიის ექსპრემიერმა, ცნობილმა ტელემაგნატმა, ხმაურიანი  ფინანსური სკანდალების ქრონიკულმა გმირმა სილვიო ბერლუსკონიმ ბიზნესი სკოლის მერხიდან დაიწყო. წერით საშინაო დავალებებს პატარა სილვიო ოთხ ეგზემპლარად ასრულებდა, ერთს თავისთვის იტოვებდა, სამს კი ზარმაც თანაკლასელებზე ჰყიდდა.

ეს ორი მაგალითი საგულისხმო განწყობისთვის კი მოვიშველიე, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა მენტალურ წიაღში შობილი სხვადასხვა ასაკის ორი ადამიანის საქმიან პოტენციალში სხვაობას აშკარად წარმოაჩენს.

მოკლედ, ჩვენში ფეხმოკიდებულმა სტიქიურმა საბაზრო ეკონომიკამ ლამის სტიქიური უბედურების სახე მიიღო. საწყის ეტაპზე ეს, ალბათ, ასე თუ ისე, გასაგები იყო. ეკონომიკური შინაარსისაგან დაცლილმა ხელფასმა მოსახლეობა თვით­და­ფი­ნან­სების და თვითდასაქმების ველურ ფორმებზე გადაიყვანა. ოჯახის მარჩენალი მამაკაცის ტრადიციული სტატუსი მოიშალა და ქალი ქუჩაში აღმოჩნდა.

თუმცა, ე. წ. ქუჩის ქალის ჩვენებური „კლასიკური” ცენზი თუ გაგება (პანელზე გასულ საეჭვო ყოფაქცევის არსებას რომ გულისხმობდა) 90-იანი წლების დასაწყისიდან აშკარად გადავიაზრეთ. ქალი ქუჩაში ჯერ პოლიტიკურმა ვნებებმა გამოიტყუა, რისი ნათელი მაგალითიც „მდედრიონის” პოზიციონირება გახლდათ. მერე პოლიტიკურ კატაკლიზმებს ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა და ქუჩა სახელდახელო ვაჭრობის ასპარეზი გახდა. მთელი თბილისი ერთ უთავბოლო და უსაშველო ბაზრად, დუქნად, ბირჟად გადაიქცა და ამ ქუჩის „ბიზნესში” პრიორიტეტი ქალმა მოიპოვა. გაცხო­ვე­ლებულ აღებ-მიცემობას „მატრიარქალური” ფონი შეექმნა და ჩვენებური ქალაქური მოტივების თუ ჟანრული სცენების ლაიტმოტივად და ლაიტთემად გადაიქცა.

ამ საჭირბოროტო საკითხის საილუსტრაციოდ მამაჩემის არქივიდან ერთ საგუ­ლისხმო ამონაწერს გავიხსენებ:

„ქართველი დიასახლისების ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, საქველმოქმედო მიზნით პატარა დუქანი გაეხსნა და მიღებული მოგებით დახმარება გაეწია რუსეთში უმაღლესი განათლების მისაღებად გაგზავნილი სტუდენტებისათვის. ამ მიზნით მოიწვიეს ქალთა გაერთიანებული კრება, რომელსაც საზოგადოების წესდება უნდა შეემუშავებინა  და მმართველობა აერჩია. კრებაზე ეკატერინე გაბაშვილი და ოლღა ჭავჭავაძეც მიიწვიეს. მიუხედავად იმისა, რომ არც ეკატერინეს და არც ოლღას ზემოაღნიშნული საქმის წამო­წყებასთან  არაფერი საერთო არ ჰქონდათ და საქმის კურსში არ იყვნენ, ისინი მაინც გამ­გეობაში აირჩიეს და ოლღა ჭავჭავაძეს სთხოვეს საზოგადოებისთვის თავმჯდომარეობა გაეწია.

ოლღამ უარი განაცხადა:

– სანამ ილიას აზრს არ გავიგებ მაგ საქმის შესახებ, ისე ვერ ვიკისრებ მოვალეობასო.

კრებამ ერთსულოვნად დაადგინა: შეჰკითხოდნენ ილიას, მისი რჩევა მოესმინათ. ილიასთან კრებამ დეპუტატებად გაგზავნა ეკატერინე გაბაშვილი და ეკატერინე ფურცელაძე.

– ილიამ, – მოგვითხრობს ეკატერინე გაბაშვილი, – დიდი ყურადღებით მოგვისმინა და დაწვრილებით აგვიხსნა, თუ რა ძნელი იყო და შეუძლებელიც ქართველი ქალისთვის და მეტადრე ქართველი ინტელიგენტი ქალისთვის ვაჭრობის დაწყება იმ პირობებში, რომელშიც თბილისის ვაჭრობაა ჩაყენებული – ქურდობა, თაღლითობა, მოტყუება და მრავალი სხვა სისაძაგლე. ვაჭრობის საქმე კონკურენციაზე არის დამოკიდებული. ნუთუ ქართველი ქალი კონკურენციას გაუწევს თბილისელ გაქნილ ვაჭარს იმაში, რომ ერთ ლიტრა ერბოში ნახევარი ლიტრა ქონი გაურიოს და ერთ ფუთ ჩაის ნახევარი ფუთი ბალახ-ბულახი?

და ამ ნაბრძანები დასკვნით მივედით შემდეგ საზოგადო კრებაზე.

მეორე კრებამ, როგორც ყოველთვის და ყველგან, ილიას „რეზუმე“ უკრიტიკოდ მიიღო (ფრაგმენტი ერემია ქარელიშვილის წიგნიდან „ეკატერინე გაბაშვილი”. ცნო­ბის­თვის: მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ქართული კრიტიკული რეალიზმის და პროზის მცირე ჟანრის (პატარა მოთხრობა, ნოველა, მინიატურა) მიმდევარი, ილია ჭავჭავაძის იდე­ებით შთაგონებული ეკატერინე თარხნიშვილი-გაბაშვილი (1851-1938) დაი­ბადა გორში. დაამთავრა თბილისში ფავრის კერძო პანსიონი. შემოქმედების მთავარ თემად კა­პიტალიზმის განვითარების პირობებში ქართველი გლეხის ყოფის ასახვა და საზო­გადო­­ებრივ ცხოვრებაში ქალის როლის წარმოჩენა დაისახა. იყო საბავშვო ჟურნალ „ჯე­ჯი­ლის” გამოცემის ორგანიზატორი და თანამშრომელი. დაკრძალულია თბილისში)”.

მიუხედავად ილიას ზემოაღნიშნული ფუნდამენტური პოზიციისა, ჩვენი 90-იანი წლების კატაკლიზმების კონტექტსში ერის იდეოლოგიური მამის ციტირებულმა თვალსაზრისმა რადიკალური რევიზია განიცადა.

თბილისში მოვაჭრე ქალბატონების საქმიანი დიაპაზონი მეწვრილმენობით დაწ­ყებული შოპტურების ჩათვლით განივრცო. მოვაჭრე კონტინგენტი არაერთგვაროვნად, სტიქიურად „დაკომპლექტდა”: ლტოლვილები, ცრუ ლტოლვილები, საქართველოს  სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულნი და თბილისელები. მათი ჩაცმულობა და გარეგნული იერი სოციალურადაც არაერთგვაროვან კოლექტიურ პორტრეტს ქმნიდა: დარსა თუ ავდარში, ტალახსა თუ თაკარა მზეში, ქარსა თუ თოვლჭყაპში, თავსხმა წვიმაში როგორც სრულიად მოუვლელი და საცოდავად ჩაცმული ქალები, ისე სოლიდური გარდერობის მქონე მოწესრიგებული ქალბატონები ემსახურებოდნენ კლიენტებს. ძალზე იშვიათად, თითო-ოროლა ინტელიგენტურ სახესაც წააწყდებოდით. ასაკობრივი ცენზიც გა­ნუსაზღვრელი იყო – ბავშვიდან მოხუცამდე. ვაჭრობდნენ შუა ქუჩაში ტაბურეტებზე ჩამომ­ს­ხდარ­ნი და ე. წ. „ბუტკებში” მოკალათებულნი.

კლასიფიკაციას მათი საქონლის ასორტიმენტიც ექვემდებარებოდა. ვაჭრობდნენ პირდაპირ მიწაზე გაფენილი საკუთარი ნაწარმით, სახლიდან გამოტანილი პირადი ნივთებით, სახელდახელოდ შექუჩული ათასი წვრილმანით. საგარეუბნო ბაზრობებზე „ოპტომ” (ბითუმად) შეძენილი საქონლით, საზღვარგარეთიდან შემოტანილი ზიზილ-პიპილებით, პრესტიჟული ფირმისა თუ მარკის პროდუქციით, ფალსიფიცირებული პროდუქტებით, კუსტარული ნაკეთობებით, წამლებით, ყალბი დოკუმენტებითაც კი. მოკლედ, ნამდვილი ჩიტის რძისა და ატომური ბომბის გარდა, მგონი, ყველაფერი იშოვებოდა. ვაჭრობდნენ დაქირავებულნიც ანუ ისინი, ვინც სხვის საქონელს ყიდდნენ. იყვნენ გადამყიდველებიც – იქვე, ხელზე იაფად შეძენილს, საგრძნობი ფასთა სხვაობით რომ ასაღებდნენ. მრავლად იყვნენ ისინიც, შემოთავაზებული პროდუქციის დანიშ­ნუ­ლებასა და სადაურობაზე წარმოდგენაც რომ არ ჰქონდათ. თუმცა, აქა-იქ „ფირმენ” ინსტრუქციებში შედარებით გათვითცნობიერებულებსაც აღმოაჩენდით. არავინ ფიქ­რობ­და ვაჭრობის კულტურაზე, პროდუქციის ხარისხის, ტემპერატურული რეჟიმის, ტექნოლოგიური, ეთიკური, ესთეტიკური ნორმებისა თუ სხვა პირობების დაცვაზე.

რაც შეეხება ეროვნულ შემადგენლობას: თუკი ადრე თვალი მხოლოდ მომთაბარე ბოშა ქალებზე გვქონდა შეჩვეული, მოგვიანებით საერთო სურათი ერთობ წარმო­მად­გენ­ლობითი გახდა. თუმცა, საგრძნობ უმრავლესობას მაინც ქართველი ქალები შეადგენდნენ. წარმომადგენლობითი ფაქტორი კი თბილისის უბნებში დემოგრაფიული სპექტრის კვალობაზე დომინირებდა.

ამ იმპროვიზებულ ტოტალურ ბაზრობაში დროის კვალობაზე თანდათანობით სავაჭრო ციებ-ცხელების დომინირებული ეპიცენტრები გამოიკვეთა და სტიქიური „ინფრასტრუქტურებიც” ჩამოყალიბდა: საკუთარი დაცვის, საგადასახადო „ინსპექციის”, საზკვებისა თუ სხვა არაფორმალური რგოლებით. მთელს ამ შაბაშს „ფემინისტური” ატმოსფერო კი გამოარჩევდა, მაგრამ არც ისე იყო საქმე, როგორც ამორძალთა იმ მითიურ საუფლოში, კაცად კაცი რომ არ ჭაჭანებდა. კაცებიც იყვნენ: ზოგი პირადი მცველის როლში, ზოგიც პატრონის, უმცირესობა კი ოჯახის მარჩენალის ტრადიციული სტატუსით სულაც თავად ვაჭრობდა და „ხელისგულზე” სატარები მეორე ნახევარი სახლში, შვილებთან ეგულებოდა.

მოკლედ, იმ სტიქიური საბაზრო ეკონომიკის პერიოდში დიდი ფული დატრიალდა. იმ ქალბატონების უკან მდგომმა ძალებმა ოფიციალური სახელმწიფო ბიუჯეტის მიღმა ველური ფული ბლომად იშოვეს. თავად იმ ქალბატონებმაც ვინ როგორ, მაგრამ ქმარ-შვილი მაინც შეინახეს. მერე კი, საზღვარგარეთის ქვეყნებს მიაშურეს და იქიდან განაგრძეს ახლობლების რჩენა. ოჯახები ფეხზე წამოაყენეს, ბინები შეიძინეს, შვილების სწავლა-განათლება დააფინანსეს, მცირე ბიზნესები გახსნეს.

ეს უსაშველო სტიქიურ ბაზრობად ქცეული თბილისი (და არა მარტო თბილისი) სახელმწიფომ მერე ვაჭრობის ალტერნატიულ ცივილიზებულ რელსებზე გადაიყვანა. ლილოს, ვარკეთილის, ვაგზლის, ელიავას, მშრალი ხიდისა და სხვა ბაზრობების პარალელურად თანამედროვე მოლების, სუპერ და ჰიპერმარკეტების, სახელობითი თუ მულტიბრენდული შოპინგების თვალსაჩინო ცენტრები გაიხსნა. ქსელური მენეჯ­მენ­ტისა და მცირე ბუტიკების ფორმატები ამოიქოქა. თუმცა, ამ ყოველივეს ვნება­თა­ღელ­ვების, წივილ-კივილებისა და საპროტესტო ტალღების გარეშე არ ჩაუვლია. იძულებით ღონისძიებათა შედეგად ყოველ ფეხის­ნაბიჯზე ქუჩაში მოვაჭრე ქალბატონებიც თან­და­თა­ნობით აიკრიფნენ. მაგრამ მთლად დღესაც არ გამქრალან, თვალს მიეფარნენ. რო­გორც კი მერიის შესაბამის მაკონტროლებელ სტრუქტურას ოფიციალური სამუშაო დღე უმთავრდება, ცენტრალურ, ხალხმრავალ უბნებში საკვანძო პოზიციებს განსაკუთრებით დაუმორჩილებელ-შეუპოვარი ქალები იკავებენ და გვიან ღამემდე ვაჭრობენ. 

ყველას თავისი ბიზნესი აქვს. ამ ბიზნესში თავისივე როლი, დონე, გაქანება, მასშტაბი და ასპარეზი. შესაბამისად, დიდი, მცირე თუ წვრილმანი ინტერესები. ბიზნესი და კომერცია ყველას თავისებურად, ინდივიდუალურად ესმის და გაეგება.

ასე რომ, მე-12 საუკუნის კულტურულ-იდეოლოგიური სლოგანი „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია” მთელი ძალით სწორედ ჩვენი ახლო წარსულის ისტორიაში რეალიზდა.

დრომ მოიტანა და კაცობრიობის ემანსიპირებული მეორე ნახევარი ჩვენში ერთბაშად და მთელი ძალით გამოვიდა ცხოვრებისეულ არენაზე. სიტუაციას ალღო აუღო, ივარგა, თავი გაიტანა, ადაპტირდა. დროს ფეხი აუწყო და როგორც შეეძლო, ისე მოიკიდა. ვინც ვერ ივარგა, ქუჩაშივე სამოწყალოდ ხელი გაიშვირა.

სანამ იგივე დრო ყველას და ყველაფერს თავის საბოლოო ადგილს მიუჩენს, ბიზნესმენის, უფრო სწორად, ბიზნესვუმენის ჩვენებური ტიპი დროს უქმად არ კარგავს, არ ცდება. მეტიც, აქა-იქ, მაგრამ მაინც ჩვენი ქალები თვალსაჩინო პოზიციებზე არა მარტო ჩვენში, უცხოეთის საქვეყნოდ ცნობილ ბრენდულ სეგმეტებშიც არიან დასაქმებულნი. ზოგი მათგანი სამშობლოშიც საკვანძო თანამდებობებს იკავებს, ზოგიც საკუთარ ოფიციალურ ბიზნესს უძღვება. ის კი არა და, სახელმწიფომ ამ საარჩევნოდ საპარლამენტო სიებში ქალების წარმოჩენა სპეციალური კანონითაც უზრუნველყო. ოღონდაც! მთავარია მათი ეს პრიორიტეტი თუ პრივილეგია საზოგადოებისთვის, ანუ ჩვენთვის ჭეშმარიტად ნაყოფიერი იყოს. პოზიტიური რეზულტატების და დადებითი შედეგების მომტანი იყოს.

ისე, რატომ დავფიქრდი ამ თემაზე? დღეს ხომ არც დედის დღეა და არც ქალთა დღე. თუმცა, ამბობენ, ქალთა დღე ყოველდღეაო. ალბათ ეს ფიქრი იმ ერთ-ერთი ქუჩის მოვაჭრის ინსპირირებულია, სამუშაო დღის ბოლოს ავტობუსის გაჩერებასთან ურიკით ხილ-ბოსტნეულის ყუთებს რომ მოაგელვებდა.

 

მარინა ბუზუკაშვილი