ჩემს პროფესიულ გურუებზე
ჩემს პროფესიულ გურუებზე

მოხდა ისე, რომ ცხოვრებაში ბევრი კარგი პედაგოგი შემხვდა როგორც აქ, ისე ქვეყნის გარეთაც. ძალიან ბევრი რამ მასწავლეს, თვალსაწიერი გამიფართოვეს, პროფესიული წრთობა გამატარეს. მათ შორის ისეთებიც იყვნენ, ლექცია-სემინარებს უშუალოდ უნივერსიტეტებში რომ არ მიტარებდნენ. უბრალოდ, ისინი ჩემი ცხოვრების გზაზე თავად აღმოვაჩინე ისე, რომ პირადად არც შევხვედრივარ. თუმცა, მათთანაც კარგი დაუსწრებელი სკოლა გავიარე. ორი მათგანი – კენეტ ტაინენი  და ორიანა ფალაჩი  ჩემს პროფესიულ გურუებად იქცნენ. ამიტომ მინდა ამჯერად  მათზე და, შესაბამისად, ჟურნალისტებზე შევჩერდე.

კენეტ ტაინენი ლონდონის გაზეთ „ობზერვერის“ მიმომხილველი იყო. იმ საბჭოთა დროს ჩვენს საჯარო ბიბლიოთეკას მოსკოვში ლამის დისიდენტურად  გამოცემული მისი გენიალური სტატიების კრებულის ერთადერთი ეგზემპლარი გააჩნდა და ის ჩემს პროფესიულ ბიბლიად დავისახე. ერთხელაც, შევარდნაძის სპიჩრაიტერ თეიმურაზ სტეპანოვთან მომიწია ინტერვიუზე მისვლა, რომელიც ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალი გახლდათ (გაზეთ „იზვესტიაში“ მუშაობდა). ბატონი თეიმურაზი დაინტერესდა ჩემი განათლებით, პროფესიული გემოვნებით. ვუთხარი, კენეტ ტაინენზე „ვაფანატებ“-მეთქი. არ ვიციო, მითხრა. შევპირდი, რომ  ტაინენის სტატიების კრებულს მივუტანდი კინოსა და თეატრზე, რომელშიც პოლიტიკა თავსაყრელი დოზით იყო. ძალიან ირონიულად შემომხედა. სახლში მისულმა მამაჩემს ულტიმატუმი წავუყენე – როგორც გინდა „საჯაროდან“ ის წიგნი გამომიტანე-მეთქი. გაგიჟდიო, – მითხრა, – ხომ იცი, იქიდან წიგნის გამოტანა აკრძალულია, თანაც, ერთადერთი ეგზემპლარისო. მოკლედ, ფეხი გავაფიჩინე და მამამ წიგნი გამომიტანა, რომელიც მაშინვე სტეპანოვს მივურბენინე. ბატონმა თეიმურაზმა სამი დღის მერე დამირეკა და მითხრა: – ეს რა მიყავი, ვერ მოვწყდი, სამჯერ ზედიზედ სულმოუთქმელად წავიკითხეო. სხვათა შორის, მერე, ლონდონში შევარდნაძის ვიზიტისას, „ჩეთენ ჰაუსში“ გამოსვლის ტექსტში კენეტ ტაინენის იმ წიგნიდან მთელი რიგი მოტივები მეცნო.

დამწყები ჟურნალისტი ვიყავი, ჰოლივუდის მიერ „ოსკარზე“ ნომინირებული მაიკლ მანის ფსიქოლოგიური დრამა – „ჩვენი კაცი“ რომ ვნახე (საბჭოთა სივრცეში „ინფორმატორის“ სათაურით გადიოდა). ფილმი რეალურ ფაქტებზე იყო აგებული და ეძღვნებოდა დოქტორ ჯეფრი უაიგენდის ბრძოლას პლანეტარული ბრენდის მიერ თამბაქოს ნაწარმში ნარკოტიკების შემცველობის წინააღმდეგ. აღნიშნულის შედეგად, მომხმარებელი თამბაქოს ვერ წყდებოდა და პროდუქცია მსოფლიოში არნახულად მოთხოვნადი იყო. შესაბამისად, ზღაპრული შემოსავალი მოჰქონდა. თამბაქოს კონცერნში დასაქმებულმა ერთ-ერთმა სპეციალისტმა (რასელ ქროუ) გავლენიანი ტელეკომპანიის ჟურნალისტს (ალ პაჩინო) სიგარეტებში მავნე ინგრედიენტის გამოყენების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა და ალ პაჩინოს გმირმა ფაქტის გამოძიება დაიწყო. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ ჟურნალისტს მასალის გამოქვეყნება აუკრძალა. პარალელურად, ინფორმატორი და მისი ოჯახი უმძიმესი ტერორისა და ფიზიკური საფრთხის პირობებში აღმოჩნდნენ, რის გამოც რასელ ქროუს გმირს ცოლი დაშორდა და ბავშვიც თან  წაიყვანა. დემორალიზებული და ლამის თვითმკვლელობამდე მისული ინფორმატორი დახშულ სივრცეში გამოიკეტა და არავის ეკონტაქტებოდა. ერთი მხრივ, რასელ ქროუს გმირის გარშემო შექმნილი უმძიმესი ვითარებით გამწარებულმა და, მეორე მხრივ, საკუთარი პროფესიული სინდისით მოტივირებულმა ჟურნალისტმა ვა-ბანკზე წასვლა გადაწყვიტა. საქმეში ქვეყნის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონები ჩაერივნენ და ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ საუკეთესო ჟურნალისტი სამსახურიდან გაათავისუფლა. ალ პაჩინოს გმირმა ერთ-ერთი გაზეთის ნაცნობ კოლეგას დაურეკა და ნამდვილი „ბომბის“ გამოქვეყნება სთხოვა. გაზეთის რეპორტიორმა მასალის მთავარ რედაქტორთან შესათანხმებლად ვადა ითხოვა. ბოლო-ბოლო, როგორც იქნა, ალ პაჩინოს სუპერსკანდალური მასალა გაზეთმა გამოაქვეყნა.

ფილმის ეს სიუჟეტი იმიტომ გავიხსენე, რომ მაშინ უდიდესი პროფესიული აღტაცება დამეუფლა: აი, როგორი დემოკრატიაა შტატებში, სიმართლემ მაინც გაიმარჯვა-მეთქი. არადა, დღეს ხომ კარგად ვიცი, რომ სიმართლემ კი არა, მწვავე, დაუნდობელმა კონკურენციამ და გასკანდალების ტენდენციამ გაიმარჯვა. წარმოიდგინეთ ასეთ შემთხვევაში ჩვეულებრივი გაზეთის ლამის ასტრალში აჭრილი რეიტინგი. გაზეთის, რომელიც უდიდესი რისკის ფასად უგავლენიანესი ტელეარხის მიერ კონფორმისტული მიზნებით დაბლოკილ „ბომბს“ ააფეთქებდა. „ბომბს“, რომელიც ერთდროულად იმ უგავლენიანეს ტელეკომპანიას, პლანეტარული ბრენდის მწარმოებლებს და თამბაქოს ბაზარზე მძიმეწონოსან მწარმოებლებთან კორუფციულ გარიგებაში მყოფ უმაღლეს სახელისუფლებო ეშელონებს დაარტყამდა!

რაც შეეხება ჩემს მეორე გურუს – ორიანა ფალაჩის (1929-2006წწ.): იტალიური წარმოშობის ეს ქალბატონი დასავლური ჟურნალისტიკის სუპერვარსკვლავი და „რკინის ლედი“ გახლდათ. უნიჭიერეს ჟურნალისტს სახელი გაუთქვა პლანეტის პირველებთან მწვავე დიალოგებმა და სენსაციურმა ინტერვიუებმა. მის რესპონდენტთა შორის იყვნენ: ჰენრი კისინჯერი, მუამარ კადაფი, აიათოლა ჰომეინი, ლეხ ვალენსა, ირანის შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი, ვილი ბრანდტი, ზულფიკარ ალი ბჰუტო, გოლდა მეირი, ინდირა განდი, იასერ არაფატი, დენ სიაოპინი, არქიეპისკოპოსი მაკარიოს III, ნგუენ ვან თხიეუ, ხაილე სელასიე, ფედერიკო ფელინი, შონ კონორი და სხვა ცნობილი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები, გამოჩენილი ადამიანები, გმირები და ანტიგმირები.

ორიანა ფალაჩი დაინტერესებული იყო ეპოქის უმნიშვნელოვანესი პრობლემებით და ცდილობდა ყოველი მათგანისთვის ზუსტი ან შეძლებისდაგვარად სწორი ახსნა  მაინც მოეძებნა.  გარდა ჟურნალისტობისა, იგი მწერალი და პუბლიცისტიც გახლდათ. იყო ავტორი 12 წიგნის, რომელიც მთელ მსოფლიოში ჯამურად 20-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. მისი აღიარებული წიგნებიდან რჩეულ გამოცემებად მიჩნეულია:  „პენელოპა ომში“ (1962წ.),  „წერილი დაუბადებელ ბავშვს“ (1975წ.), „ადამიანი“ (ბიოგრაფიული რომანი ალეკოს პანაგულისზე, 1979წ.), „რისხვა და სიამაყე“ (2001წ.), „გონების ძალა“ (2004წ.), „ინტერვიუ საკუთარ თავთან. აპოკალიფსი“ (2005წ.), „ისლამოფაშიზმი“, „ისლამური ტერორიზმი“.  ძალიან საინტერესოა არამარტო საკუთრივ მისი ნაწერები, არამედ ორიანას შესახებ არსებული ბიბლიოგრაფიაც:

  • „ორიანა ფალაჩი მაქსიმ მოშკოვის ბიბლიოთეკაში“
  • რადიო „თავისუფლება“: პეტერ ვაილის საავტორო გადაცემა „დღის ადამიანი“ (ორიანა ფალაჩი)
  • ირინა დიდკოვსკაიას პუბლიკაცია „სირცხვილად მიმაჩნია ანუ ორიანა ფალაჩი ბრალს სდებს“
  • ჟურნალი „Der Shpiegel“ (#17/2004): პუბლიკაცია „გაკოჭილი დასავლეთი“ (ორიანა ფალაჩის ახალი წიგნის შესახებ)
  • პაველ ჩერნოგორსკი: „სირცხვილად მივიჩნევ! – ევროპული ჟურნალისტიკის ვარსკვლავი ევროპული თვალთმაქცობის წინააღმდეგ“
  • „Le Figaro“ (საფრანგეთი): „ტერორისტი მანჰეტენიდან ანუ პოლემიკა ორიანა ფალაჩის წიგნზე „რისხვა და სიამაყე“
  • ელეონორა შიფრინი: „ორიანა ფალაჩი – თანამედროვე ჟურნალისტიკის სიამაყე“
  • The Slow suicide of the West, Jorge Majfud (ხორხე მაჰფუდი)
  • „ორიანა ფალაჩი გარდაიცვალა“ და სხვ.

ორიანა ფალაჩი ფლორენციაში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიის პარტიზანული წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობდა. პროფესიული სტარტი კრიმინალურ ჟურნალებში აიღო. გაიარა სკანდალური ქრონიკების რეპორტიორის სკოლა. ისწავლა მასალის ნებისმიერ პირობებში მოპოვების რთული ხელოვნება. ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდა და ბევრთან გულახდილი კონტაქტი დაამყარა. მთელი 9 წლის განმავლობაში აშუქებდა ვიეტნამის ომს და ინტერვიუ აიღო თვით ჩრდილოეთ ვიეტნამის თავდაცვის მინისტრ ვო ნგუენ ზიაპისგან.

გულახდილი კონტაქტის უნარი რეპორტიორის და, საერთოდ, ჟურნალისტისათვის მეტად საჭირო და ძვირფასი თვისებაა. აქ ცოტა ხნით გადავუხვევ ორიანა ფალაჩის თემიდან და ჩემს კიდევ ერთ მასწავლებელს – იმხანად საკავშირო  მასშტაბით აღიარებულ, ბალტიისპირელ ტელეწამყვან ურმას ოოტს გავიხსენებ, რომლის პრაქტიკანტიც გახლდით და რომელსაც ზემოაღნიშნული თვისება ერთობ ჭარბად გააჩნდა. თავისი წიგნი „კითხვა + პასუხი = ინტერვიუ“ მან ავტოგრაფით მაჩუქა. იგი ცენტრალური ტელევიზიის უპოპულარულესი ტელეწამყვანი იყო. მისი დიალოგების ციკლს ძალზე ცნობილ პერსონებთან „სატელევიზიო გაცნობა“ ერქვა.  თბილისში პრეზიდენტი გამსახურდიაც ჩაწერა. მერე კიდევ  ჩამოვიდა და გრიბოედოვის თეატრში შემოქმედებითი საღამო გამართა. მეუბნებოდა, როცა ჩაწერაზე მივდივარ, ჰა და ჰა, მხოლოდ პირველი შეკითხვა მქონდეს მომზადებული. დანარჩენი სუფთა იმპროვიზაციაა იმიტომ, რომ ყოველი მომდევნო შეკითხვა თუ კომენტარი რესპონდენტზეა დამოკიდებული – გააჩნია ის რას და როგორ მიპასუხებს, როგორ ირეაგირებს. ამიტომაც გამოდის საუბარი ძალდაუტანებელი, ბუნებრივად თავისუფალი და ლაღი, კითხვა-პასუხი ერთმანეთისგან ორგანულად გამომდინარე, ერთმანეთით განპირობებული და საინტერესოო. წინასწარ მომზადებულ კითხვებს საბოლოო პროდუქტში მაინც ხელოვნურობის დამღა ადევსო. ხომ ძალიან ცნობილ და პოპულარულ რესპოდენტებს ირჩევდა. ტელეციკლის სათაურიდან გამომდინარე,  მისი ყოველი გადაცემა მაინც იმ განწყობას გიტოვებდა, რომ საქვეყნოდ ცნობილი ესა თუ ის პერსონა ეს-ესაა გაიცანი და ახლად აღმოაჩინე. თუმცა, არც თავის წარუმატებლობებზე ხუჭავდა თვალს. მაგალითად, ამბობდა, რომ ცნობილ მსახიობ ევგენი ევსტიგნეევთან ნამდვილი კრახი განიცადა, ვერაფრით  აალაპარაკა. ყველაფერზე ან „ჰო“-ს, ან „არა“-ს მპასუხობდაო, – წუხდა. ურმასი კარგი ადამიანი იყო. როცა დედაჩემს თვალზე პრობლემა შეექმნა, მე, უბრალო პრაქტიკანტს, რეკომენდაცია გამიწია თავის რესპონდენტ – მსოფლიოში აღიარებულ აკადემიკოს ფიოდოროვთან. ამით მან პროფესიულთან ერთად დიდი ადამიანური გაკვეთილიც ჩამიტარა.

ისევ პლანეტარული ავტორიტეტის მქონე ორიანა ფალაჩის მივუბრუნდები: მის მასალებს ყველგან – იტალიაშიც და საზღვარგარეთაც ხალისით ბეჭდავდნენ. ავტორის მწვავე და პრინციპული სტილი განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო, როცა პოლიტიკურ ან სახელმწიფო მაღალჩინოსნებთან საუბრობდა. აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი თავის მემუარებში წერს, რომ ინტერვიუს პროცესში ძლივს იკავებდა თავს, ორიანა ფალაჩისთვის სილა რომ არ გაეწნა. ფალაჩიზე ამბობდნენ, რომ მას მკვდრის ალაპარაკებაც შეეძლო. ლეგენდებს ჰყვებოდნენ მის შეუპოვრობაზე, უკომპრომისობაზე და დაუნდობლობაზე, რაც ზოგჯერ აცოფებდა თანამედროვეებს. მაგალითად, აიათოლა ჰომეინის რეზიდენციიდან იგი უცერემონიოდ გამოაძევეს, რადგან იმამის ფანატიკოს ექსპერტებს ჟურნალისტი ქალის შეკითხვები არაეთიკურად ეჩვენათ. ფალაჩის აზრით, მამაკაცები აზვიადებდნენ ან სულაც ეჩვენებოდათ, რომ ჟურნალისტი ქალები მათ შეურაცხყოფდნენ. თვით ორიანამ თავისი თავი ერთხელ ჟანა დ’არკს შეადარა და აღნიშნა: ჟანას იმით  ვგავარ, რომ მისებრ ვერ ვიტან ძლიერებს ამა ქვეყნისაო. თუმცა, სწორედ ამგვარ პერსონებთან და მათ საქმიანობასთან არის დაკავშირებული ფალაჩის საუკეთესო ჟურნალისტური მონაპოვრები. ორიანა ხშირად ეპოქის ლიდერებს მათ მშობლიურ ენებზე ესაუბრებოდა. ტელეჟურნალისტებზე გადაღებულ რეჟისორ ჯონ ევნეტის ჰოლივუდურ ფილმში („გულთან ახლოს“), სადაც მთავარ როლებს რობერტ რეტფორდი და მიშელ ფაიფერი ასრულებდნენ, რეტფორდის გმირი კოლეგებს საგანგებოდ აუწყებს: წუხელ ორიანა ფალაჩი ფიდელ კასტროსთან დიალოგს ესპანურ ენაზე უძღვებოდაო.

ორიანა ფალაჩის საუბრების მაგნიტოფირები ბოსტონის ბიბლიოთეკის საცავებში ინახება. მის შემოქმედებას სწავლობენ მრავალი ქვეყნის ჟურნალისტიკის ფაკულტეტებზე. მას ყველგან ყურადღებით უსმენდნენ, კითხულობდნენ და მისი გულწრფელად სჯეროდათ. თუმცა,  ორიანას კარიერაში იყო პერიოდი, როცა ჟურნალისტიკის სუპერვარსკლავი თითქმის 8 წელი ჩრდილში იმყოფებოდა და ამ ხნის განმავლობაში მისი პოპულარობა  წარსულის დამსახურებითღა საზრდოობდა. ხანგრძლივი განმარტოვების შემდეგ იგი კვლავ დაუბრუნდა ჟურნალისტიკის ნარეკლიან სარბიელს და მაშინვე გამომცემლობა „რიტოლიმ“ მისი 800-გვერდიანი წიგნი გამოსცა. წიგნის ტირაჟი მილიონი ეგზემპლარი გახლდათ და გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა.

ჟურნალისტური კარიერის დამთავრების შემდეგ (2001-2004წწ.) იგი ნიუ-იორკში ცხოვრობდა. იქ შექმნა წერილების სერია და გამოსცა წიგნი. მათში გამოთქმულმა ავტორისეულმა კრიტიკამ ისლამისა და არაბული კულტურის მიმართ დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი და კამათი გამოიწვია. 2005 წელს ორიანა კულტურის დარგში დიდი დამსახურებისთვის დაჯილდოვდა იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოქროს მედლით.

მისთვის უჩვეულო – მოპასუხის როლში ერთხელ თვით „ინტერვიუს მეფეც“ აღმოჩნდა (დიახ, მეფე და არა დედოფალი!). ორიანას პასუხი უნდა გაეცა ერთადერთ, თუმცა, საკმაოდ უცნაურ შეკითხვაზე: „ ყველაზე მეტად ვისთან ისურვებდით საუბარს და რატომ?“. ამ კითხვაზე ინტერვიუ საკუთარ თავთან ორიანა ფალაჩიმ შემდგომში თავადვე დაბეჭდა და კომენტარებიც დაურთო. გთავაზობთ „ინტერვიუს მეფისათვის“ სასურველ რესპონდენტთა ჩამონათვალს შესაბამისი კომენტარებით.

ორიანა ფალაჩის სასურველი რესპონდენტები

1) ადამი და ევა. რატომ? იმიტომ, რომ ყველა სიკეთე თუ ბოროტება ამ ორი უპასუხისმგებლო ადამიანიდან მოდის.  ალბათ გახსოვთ, ღმერთმა სამყაროს შეკოწიწება მე-6 დღეს იმით დაამთავრა, რომ ადამიანი შექმნა თიხისგან. შთაბერა მას სული და საბრძანებლად დაუმკვიდრა დედამიწა და ყოველი სულიერი.  ევას დანაშაული უფრო მცირეა (რაც უნდა იყოს, ადამის ნეკნიდან არის წარმოქმნილი), მაგრამ აკრძალული ნაყოფი მაინც არ უნდა ეჭამა. ღმერთმა ისინი სამართლიანად დასაჯა, როცა სამოთხიდან გააძევა. ოღონდ, ეს ვერ გამიგია – ჩვენ რა შუაში ვართ?

2)იესო ქრისტე, იუდა და მარიამ ღვთისმშობელი. იუდა იმიტომ, რომ შემქმნელის შესახებ აუცილებლად ექნება სათქმელი. იგი ჭკვიანი და კულტურული კაცი იყო და ალბათ ისტორიისგან შეურაცხყოფილია, თორემ ქრისტეს შეპყრობის შემდეგ თავს რად ჩამოიხრჩობდა? მარიამ ღვთისმშობელი იმიტომ, რომ ქალწულობის საკითხებზე  ექნება საინტერესო მოსაზრებები. იესოს ვკითხავდი, სად იყო 12-დან 30-წლამდე, მაგრამ ეს დედამისმა უკეთ უნდა იცოდეს.

3) ალექსანდრე მაკედონელი. კაცს, რომელსაც 13 წლის ასაკიდან მასწავლებლად არისტოტელე ჰყავდა, მსოფლიო იმპერიის შექმნაზე არ უნდა ეოცნება. თანაც, ფსიქიატრიული კლინიკიდან გამოსულმა როგორ მოახერხა, რომ უკან აღარ მიბრუნდა.

4) ჰომეროსი და შექსპირი. ვინაიდან ბიბლიის ავტორებთან ერთად ორივე მიყვარს. აუცილებლად ვკითხავდი მათ ნამდვილ სახელებს, დაბადების თარიღს, ქალაქებს, სადაც ცხოვრობდნენ და, რა თქმა უნდა, წერის ტექნიკის საიდუმლოებას. პასუხი ამ ბოლო კითხვაზე ალბათ ყველას აინტერესებს, ვისაც ხელში კალამი ხშირად უჭირავს.

5) სპარტაკი. მისგან განსხვავებით მე, როგორც ქალს, ბარიკადების „უწყინარ“ მხარეს მირჩევნია ყოფნა. მაგრამ სპარტაკის მსგავს მეამბოხეთა წინაშე გულწრფელად ვიხრი ქედს. სპარტაკმა მონათმფლობელური რომის ძლიერება შეარყია და ამით მოწიწებას იმსახურებს. რა ვუყოთ, რომ არ იყო რომაელი. დიდი საქმეების კეთება თრაკიელებსაც შესძლებიათ.

6) მოსე და სოლომონი. მოსე იმიტომ, რომ მსოფლიოში მან შექმნა პირველი კანონები და წესრიგის ფასი იცოდა. ის წინ აღუდგა იმპერიას და შეცვალა სამყარო. ამავე დროს იგი ლიდერი გახლდათ. ლიდერები კი, მოგეხსენებათ, ყოველთვის განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ (გაიხსენეთ აღორძინების ხანის მხატვრები. გაიხსენეთ პერუჯინო, ბოტიჩელი, მიქელანჯელო, რაფაელი, რუბენსი, რემბრანდტი). სოლომონთან საუბარი კი ჯერ იმიტომ ღირს, რომ მან კაცობრიობას „ქებათა-ქება“ აჩუქა.

7) ნაპოლეონი. არაფერს ვამბობ ამ პიროვნების ბუნებრივ ნიჭზე, ფენომენალურ მეხსიერებაზე, არაჩვეულებრივ შრომისუნარიანობაზე. მე  მას მხოლოდ ორ რამეს ვკითხავდი:  ჟან-ჟაკ რუსოს თაყვანისმცემელმა თავისუფლება, ძმობა და მეგობრობა  როგორ გაცვალა დიქტატურაზე. გარდა ამისა, ასეთი კულტურული კაცი ხელოვნების შედევრებს რატომ იპარავდა (ისიც საინტერესოა, რა  მიზნით ან სად ინახავდა მათ).

8) ჟანა დ’არკი.  მის მაგალითზე ვაჩვენებდი, რომ ქალები არამარტო კარგი პოლიტიკოსები, არამედ შესანიშნავი მხედართმთავრებიც არიან. დღეს ყველამ კარგად იცის, რომ ის გაუნათლებელი, სოფლელი ქალი უკეთესი სარდალი აღმოჩნდა, ვიდრე ამერიკელი გენერლები ვიეტნამში.

9) ტომ ბეიტი. მაგრამ ჯერ გაგარკვევთ:  1947 წელს ჰოლივუდში გადაიღეს კინოფილმი „ქალიშვილი ჰეგანი“. ეს იყო სენტიმენტალური ისტორია 19 წლის მერი ჰეგანზე, რომელსაც შირლი ტემპი ასრულებდა. იურისტ ტომ ბეიტის როლს კი შეერთებული შტატების ახლანდელი პრეზიდენტი, რონალდ რეიგანი განასახიერებდა. იმასაც გეტყვით, რომ ეს კინოსურათი მსოფლიოს ათ ყველაზე უვარგის ფილმს შორის მე-5 ადგილზეა. რეიგანს თურმე არაერთხელ უთქვამს, რომ ამ როლის თამაში მას არასდროს სურდა და ამიტომ არ გამოუვიდა. მე კი მგონია, რომ პრეზიდენტს არც დღევანდელი თანამდებობრივი როლი გამოსდის და ამიტომ უარი უნდა თქვას მასზე.

10) უცხო პლანეტის რომელიმე ბინადარ ქალს და კაცს. და კიდევ ერთ დინოზავრს.  მომავლის იმედი რომ არ მქონდეს, სხვა პლანეტას არ ვახსენებდი. დინოზავრი კი იმიტომ დავასახელე, რომ წარსულიც მიყვარს და მაინტერესებს.

 ისე კი, ბევრ საინტერესოს მეტყოდნენ ალბათ მაკიაველი, დანტე, არტურ რემბო და ვინსენტ ვან გოგი… მაგრამ მათთან შეხვედრა უმჯობესია მომავლისთვის გადავდოთ…

აი, ასეთი კრეატიული და არაორდინალური პროექტი წარმოადგინა საკაცობრიო რესპონდენტთაგან მასთან საინტერვიუ ვაკანსიებზე დიალოგის უბადლო დიდოსტატმა ორიანა ფალაჩიმ.

 

 მარინა ბუზუკაშვილი