ზვიად შალამბერიძე - მთავრობამ გაიზიარა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მოწოდება, გუმათში ბარიერები მოხსნილია, დავაკვირდებით მოვლენებს, ხეობაში არაპროპორციული ძალა არ დარჩება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მოწოდების შესაბამისად, რომ გადადგმულიყო ქმედითი ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისთვის, სოფელ გუმათში რკინის ბარიერები უკვე მოხსნილია.
„საქართველოს მთავრობამ გაიზიარა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მოწოდება, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია. აქედან გამომდინარე, პირველი, ჩვენი მხრიდან რა ვალდებულებაც იყო აღებული – ბარიერების მოხსნა, ბარიერები უკვე მოხსნილია. დარწმუნებული ვარ, მეორე მხარე, რომელმაც ასევე აიღო ვალდებულება, რომ ხეობაში შესვლისას ის დაიცავს კანონს, არ შეზღუდავს ჩვენი თანამოქალაქეების გადაადგილების უფლებას, არ იქნება ხელყოფილი კერძო საკუთრება და არ იქნება გადაკეტილი გზები“, – განაცხადა შალამბერიძემ.
ამასთან, შალამბერიძის განმარტებით, რიონის ხეობაში დარჩება იმდენი სამართალდამცველი, რამდენიც საჭირო იქნება ვითარებიდან გამომდინარე.
„რიონის ხეობაში არაპროპორციული ძალა რა თქმა უნდა, არ დარჩება. ჩვენ დავაკვირდებით მოვლენებს და იმდენი სამართალდამცავი იქნება ხეობაში, რამდენიც საჭირო იქნება სიტუაციიდან გამომდინარე“, – დასძინა ზვიად შალამბერიძემ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თითოეულ ასეთ ფაქტზე თანმიმდევრულ რეაგირებას მოახდენს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.