სოფელ ითხვისში, ნიადაგის ჩავარდნის გამო, 12 სახლი დაზიანდა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მკვიდრთა ნაწილი საკუთარ საცხოვრებელ სახლებს ცლის.

12 სახლი ნიადაგის ჩავარდნის გამო, საცხოვრებლად უვარგის მდგომარეობაშია. შენობების დაზიანებას ადგილობრივები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას უკავშირებენ.

ადგილზე არსებულ ვითარებას ჭიათურის მერთან ერთად, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ჭიათურის მერია დაზარალებულ ოჯახებს დროებით ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფს.

ადგილზე მუშაობა დაიწყო გეოლოგების ჯგუფმა. გეოლოგიური პრობლემების წარმოშობის მიზეზებზე სპეციალისტები დასკვნას სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებენ. სოფელ ითხვისში, ე.წ. მახათაძეების უბანში მნიშვნელოვნად დაზიანებულია 12 სახლი.

როგორც იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, დაზიანებული სახლების მცხოვრებლებს სახელმწიფომ უკვე უქირავა ბინები.

„ის 12 ოჯახი, რომელსაც ყველაზე მეტად ემუქრება საფრთხე, უკვე გაყვანილია თავიანთი საცხოვრებელი სახლიდან მათთვის ნაქირავებია სახლები, როგორც სოფლებში სხვადასხვა ადგილას, ასევე ქალაქ ჭიათურაში. გეოლოგიური ჯგუფი მუშაობს და შეისწავლიან ვითარებას, რამდენად უსაფრთხოა აქ ცხოვრება. იმ შემთხვევაში თუ სიცოცხლისთვის ნებისმიერ ოჯახს რაიმე საშიშროება ემუქრება, თავისთავად სახელმწიფო იმოქმედებს შესაბამისად და გავიყვანთ ყველას, ვისაც ამის საჭიროება ექნება“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.