ზვიად ქორიძე - პრეზიდენტი მოუწოდებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ნარკოპოლიტიკა უფრო ლიბერალური გახდეს
საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ნარკოპოლიტიკა გახდეს უფრო ლიბერალური, – ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ზვიად ქორიძის თქმით, შეწყალების კომისია და საქართველოს პრეზიდენტი სრულად გამოხატავენ თავიანთ ლიბერალურ პოზიციას ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით, რაც გამოიხატა კიდეც დღეს გამოცემულ შეწყალების აქტში.
ქორიძის ინფორმაციით, 23 მსჯავრდებულიდან, რომელიც დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებს, თითქმის ნახევარი ნარკოდანაშაულის გამო იხდიდა სასჯელს. ასევე მსგავსი ბრალდებით დაკავებულებს შეწყალების დღევანდელი აქტით სასჯელი შეუმსუბუქდათ. ნარკოდანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული ის ორი პირი, რომლებსაც, პრეზიდენტის განკარგულებით, უვადო სასჯელი ვადიანით შეეცვალათ.
„მიდგომა პრეზიდენტის ნარკოდანაშაულებთან მიმართებაში მაქსიმალურად ლოიალურია. 23 მსჯავრდებულიდან, რომლებიც დღეს დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას ნახევარი სხვადასხვა ტიპის ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს. მათ შორის, ვისაც შეუმცირდათ სასჯელი, არიან ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულები. ნარკოდანაშაულზე დაკავებულები იყვნენ ის პირები, ვისაც უვადო სასჯელი ვადიანით შეეცვალათ. პრეზიდენტიც და კომისიაც ფიქრობს, რომ ასეთი ტიპია გადაწყვეტილებით გამოხატა თავისი ლოიალური დამოკიდებულება ნარკოდანაშაულების მიმართ. საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკოსებს, ნარკოპოლიტიკა გახდეს ლიბერალური“, – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 187 მსჯავრდებული შეიწყალა.