ზვიად კვაჭანტირაძე - ჩემი გადაწყვეტილება გარკვეულწილად პროტესტია სიტუაციისა, რომელიც დღეს გვაქვს პარლამენტში
ზვიად კვაჭანტირაძე - ჩემი გადაწყვეტილება გარკვეულწილად პროტესტია სიტუაციისა, რომელიც დღეს გვაქვს პარლამენტში

ჩემი გადაწყვეტილება უკვე მივიღე და  როცა საჭირო იქნება, საზოგადოება გაიგებს, – ამის შესახებ დეპუტატმა, ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომელსაც პირველი არხის ჟურნალისტმა ბაქოში, საპარლამენტო უმრავლესობიდან მისი წასვლის შესახებ ჰკითხა. კვაჭანტირაძე ბაქოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, ის პრეზიდენტის დელეგაციის წევრია.

ამასთან, როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, ამ თემაზე საუბარი მისთვის მძიმეა.

„არ მინდოდა, რომ ამ ვიზიტს დამთხვეოდა ჩემი რაღაც განსაკუთრებული განცხადებები. ვფიქრობ, სწორი არ იქნება, დღეს ამაზე კომენტარები ვაკეთო, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და როცა საჭირო იქნება, საზოგადოება ამის შესახებ გაიგებს. სიმართლეს გეტყვით,  ჩემთვის ამ თემაზე საუბარი ძალიან მძიმეა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ რამდენიმე თვის წინ მქონდა კონკრეტული საუბრები დაახლოებით ასეთ გეგმებზე პარტიის თავმჯდომარესთან. მაშინ გადაწყდა, რომ ნაჩქარევი იქნებოდა აღნიშნული ნაბიჯი და სწორი არ იქნებოდა“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

დეპუტატის თქმით, მისი გადაწყვეტილება გარკვეულწილად შექმნილი ვითარების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატულებაა.

„იმის შემდეგ საკმაო დრო გავიდა და უბრალოდ, არ მინდა, ძალიან ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, თუმცა გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, არის გარკვეულწილად განაცხადი, პროტესტი იმის საწინააღმდეგოდ, რა სიტუაციაშიც ვართ  ჩვენ დღეს პარლამენტში. ეს არის ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემა“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სასიამოვნო არ არის, თუმცა სწორია.

„გადაწყვეტილება, რომელიც პრაქტიკულად მიღებული მაქვს, ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და სულაც არ მგვრის ეს სიამოვნებას, მაგრამ ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევანი მქონდა, ჩემი გადაწყვეტილება წასვლის თაობაზე იქნება სწორი, მათ შორის ჩემი თანამებრძოლებისა და მეგობრების წინაშე,  ხალხის წინაშე, რომელთან ერთადაც  2012 წლის პირველი ოქტომბერი მოვიტანეთ “, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

რაც შეეხება კითხვას პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის შესაძლო დაწყებაზე დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებასთან დაკავშირებით, კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ის კოლეგებს პატივს სცემს და ბევრ მათგანს კვლავ თანამებრძოლად მიიჩნევს.

„პირდაპირ გეტყვით, ჩემი წასვლა არანაირად არ უკავშირდება ჩემს გეგმებს, რომ დღეს რაღაცნაირად  უფრო მეტი გავაკეთოთ, რათა უხერხულობაში ჩავაყენოთ კოლეგები და მეგობრები, რომელთა შორის ძალიან ბევრ ადამიანს დიდ პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს. ბევრს დღემდე თანამებრძოლად მივიჩნევ და ვიცი, ისინი ჩვენი თანამებრძოლები არიან. არ მინდა, რადიკალურ ნაბიჯებზე ვისაუბრო ჩვენი მხრიდან. ეს არის ჩემი სუვერენული გადაწყვეტილება და ვუერთდები ჩემი მეგობრების მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელთაც მსგავსი  გადაწყვეტილება მიიღეს, ძალიან ბევრი მიზეზიდან გამომდინარე. ეს არ არის მხოლოდ სასამართლოს თემა. სასამართლოს თემა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი წითელი ხაზი, რომელმაც გვიბიძგა ამ ნაბიჯის გადადგმისკენ“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია დატოვა.