ზვიად კვაჭანტირაძე - ახლა მთავარია, უმრავლესობის წევრებს ქუჩაში არ აერიოთ წითელი და მწვანე ღილაკები 
ზვიად კვაჭანტირაძე - ახლა მთავარია, უმრავლესობის წევრებს ქუჩაში არ აერიოთ წითელი და მწვანე ღილაკები 

ახლა მთავარია, წითელი და მწვანე ღილაკები არ აგერიოთ ქუჩაში გადასვლისას, – ასე მიმართა დეპუტატმა, ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, რატი იონათამიშვილს.

რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებაზე განმეორებით კენჭისყრას, როგორც კვაჭანტირაძე აღნიშნა, განმეორებითი კენჭისყრა არის ზემოქმედების მცდელობა იმ ადამიანებზე, რომელთაც თავიანთი პოზიცია პატიოსნად დააფიქსირეს.

„არ ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც ხელი შეცდონით მიაჭირეს. მთავარია, ქუჩაში გადასვლისას არ აერიოთ წითელი და მწვანე. კენჭისყრას მეორედ თუ ჩაატარებენ, ამას საქართველო გადაიტანს ისევე, როგორც ჩემი თანამდებობიდან გადაყენებას. მთავარია, მართვის სადავეები ამ ხალხს არ უნდა ჰქონდეს და ეს აუცილებლად მოხდება“- აღნიშნა კვაჭანტირაძემ.

პარლამენტის სხდომაზე დღეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დადგა, კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა 67-მა დეპუტატმა, მისი თანამდებობიდან გადაყენებისთვის კი, პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა რვა დეპუტატმა, რომელთა შორის რატი იონათამიშვილიც აღმოჩნდა.

ამასთან, პარლამენტის გადაწყვეტილებაზე უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზვიად კვაჭანტირაძის საკითხზე კენჭისყრისას, წითელზე იყო ხელი მისაჭერი თუ მწვანეზე, გარკვეული პრობლემა გახდა.

სწორედ ამ მიზეზით ახსნა ეს ფაქტი რატი იონათამიშვილმაც და აღნიშნა, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო.

„ჩემი პოზიციაა, რომ ზვიადს უმრავლესობის დატოვებასთან ერთად უნდა დაეტოვებინა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაც, ცხადია, მე ამ პოზიციის ერთგული ვარ, იყო ტექნიკური ხარვეზი და ვფიქრობ, მალე გამოსწორდება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.