ზვიად კორძაძე - ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ ფული გაათეთრეს, ეს წარმოუდგენელია
ასეთი აბსურდული ბრალის დადგენილება დღემდე არ მინახავს, ეს პროკურატურის დაცინვაა, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებს საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს უწყებამ 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე დაიბარა.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, ძალიან ცუდია, რომ პროკურატურას და იმ კვალიფიციურ გამომძიებლებს, რომლებიც პროკურატურას ჰყავს და ამ საქმეზე მუშაობენ, ეს დადგენილება საბოლოო ჯამში, ასეთი ფორმით გამოაქვთ.
„1995 წლიდან ადვოკატი ვარ და ასეთი აბსურდული ბრალის დადგენილება დღემდე არ მინახავს. ამ ბრალის დადგენილებას, გარდა სათაურისა, ფულის გათეთრებასთან არაფერი საერთო არ აქვს. ამას ვსაუბრობ სრული პასუხისმგებლობით როგორც მამუკა ხაზარიძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი და როგორც იურისტი. ეს პროკურატურის დაცინვაა. ძალიან ცუდია, რომ პროკურატურას და იმ კვალიფიციურ გამომძიებლებს, რომლებიც პროკურატურას ჰყავს და ამ საქმეზე მუშაობენ, ეს დადგენილება საბოლოო ჯამში, ასეთი ფორმით გამოაქვთ. სტუდენტებს ასე ვასწავლი და კოდექსში წერია, რომ ფულის გათეთრება არის უკანონო ბრუნვაში მყოფი ფულისთვის ლეგალური სახის მიცემა. ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ ფული გაათეთრეს. ეს სტუდენტებისთვის პირველი-მეორე კურსის პროგრამაა. ამას ვინც ვერ გასცდება, მესამე კურსზე ვერ გადადის. ეს წარმოუდგენელი რამეა. ჩვენ ახლა მტკიცებულებებიც გადმოგვეცემა და ამ მტკიცებულებებსაც ვნახავთ. გადმოგვეცა, უკვე წამოვიღეთ და მტკიცებულება მოცულობითია. ჯერ მტკიცებულებებზე არ ვსაუბრობ. რა მუხლით არის ბრალი წარდგენილი, იმაზე ვსაუბრობ. მუხლი, რომელიც დარჩა, ეს არის ფულის გათეთრება და არავითარი საერთო ამ შემთხვევას ფულის გათეთრებასთან არ აქვს. დანარჩენ კომენტარს, მე როგორც იურისტი, საქმის მასალების შესწავლის შემდეგ გაგაცნობთ“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ. პროკურატურა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მოადგილეს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალს წარუდგენს და მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს.