ზვიად გონაძე - ვახტანგ მახარობლიშვილი ტენდერთან დაკავშირებულ პროცესზე გავლენას ვერ მოახდენდა
ვახტანგ მახარობლიშვილი ტენდერთან დაკავშირებულ პროცესზე გავლენას ვერ მოახდენდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც სამინისტროს ერთ-ერთ ტენდერში ერთი დღით ადრე დაფუძნებულმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომლის მფლობელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ძმაა.
როგორც ზვიად გონაძემ აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიქმნა შესაბამისი კომისია, რომელიც ანგარიშის ყველა დეტალს შეისწავლის და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
„რაც შეეხება, ყოფილი ეროვნული ბანკის შენობის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების მიზნით გაფორმებულ ხელშეკრულებას, მიუხედავად იმისა, რომ შესყიდვების კანონი არ გვავალდებულებს ელექტრონული ტენდერის ჩატარებასა და ბაზრის მოკვლევას, ჩვენს მიერ ჩატარებული იქნა ბაზრის კვლევა და მოძიებული იქნა შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე არქიტექტორთა ჯგუფი, რომელსაც ხელეწიფებოდა აღნიშნული სამუშაოების ჩატარება, მაღალი ხარისხით, მოკლე დროსა და საუკეთესო პირობებით.
ჩვენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს აღნიშნული კომპეტენციის ჯგუფთან, რის საფუძველზეც მოხდა ხელშეკრულების გაფორმება. კომპანიამ პირობების დაცვით შეასრულა დაკისრებული მოვალეობები, რაც ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს მიერ შესაბამისი დასკვნით იქნა დადასტურებული. რაც შეეხება ჩვენი კოლეგის ნათესაურ კავშირს კომპანიის დამფუძნებლებთან, მოგახსენებთ, რომ საგადასახადო კოდექსი განსაზღვრავს ანგარიშვალდებულ პირთა წრეს, რომლითაც ხელშეკრულების მხარეები არ უნდა იყვნენ ანგარიშვალდებულნი ერთმანეთის მიმართ. ზუსტად ეს არის ჩვენი შემთხვევაც. ამასა გარდა მის კომპეტენციაში არასდროს არ შედიოდა ის სფერო, რომელსაც ჩვენ ვკურირებთ და შესაბამისად, ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენდა ამ პროცესებზე“- აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე.
აუდიტის სამსახურის ახალი ანგარიშის მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინიტროს საქმიანობით, შესაძლოა, გამოძიება დაინტერესდეს.
ანგარიშის თანახმად, მიხეილ ჯანელიძის მინისტრობის პერიოდში 721 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება ერთი დღით ადრე დაფუძნებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომლის მფლობელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ძმაა. ამავე ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულმა კომპანიამ სარეაბილიტაციო გეგმა ხარვეზებით შეადგინა.
შესყიდვის ამ თემით პროკურატურა დაინტერესდა და გამოძიებაც დაიწყო. მასალები მთავარ საგამოძიებო უწყებაშია გადაგზავნილი.