ზვიად გამსახურდიას პრემია ქართველოლოგიის მიმართულებით მომუშავე, უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერს ყოველწლიურად გადაეცემა
ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია ქართველოლოგიის მიმართულებით მომუშავე, უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერს ყოველწლიურად, 31 მარტს გადაეცემა. ამის შესახებ რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა, ზვიად გაბისონიამ განაცხადა.
როგორც ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, 31 მარტს საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 80 წელი უსრულდება და დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები.
„როგორც გუშინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდს დაევალა, გასცეს ზვიად გამსახურდიას სახელობის ყოველწლიური პრემია ჩვენს დიასპორაზე, ემიგრანტებზე, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ ქართველოლოგიის მიმართულებით. ბიუჯეტის დეტალიზაციისგან თავს შევიკავებ, რადგანაც ამ საკითხზე ახლა ვმუშაობთ. საუბარია ერთ მეცნიერზე, წელიწადში ერთი პრემია გაიცემა, რადგან მიმართულებაც ერთია – ქართველოლოგიური კვლევები. პრემია გაიცემა 31 მარტს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე”,- განაცხადა გაბისონიამ.
ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.