შალვა პაპუაშვილმა ნატო ჩხეიძეს მიმართა - ზვიად გამსახურდიას ხსოვნის შეურაცხყოფაა, როცა პარლამენტი სახლის შუშაბანდში გეშლებათ და თქვენი სურვილით იღებთ გადაწყვეტილებას, სად რა გამოიფინოს
შალვა პაპუაშვილმა ნატო ჩხეიძეს მიმართა - ზვიად გამსახურდიას ხსოვნის შეურაცხყოფაა, როცა პარლამენტი სახლის შუშაბანდში გეშლებათ და თქვენი სურვილით იღებთ გადაწყვეტილებას, სად რა გამოიფინოს

ზვიად გამსახურდიას ხსოვნის შეურაცხყოფა ის არის, როცა პარლამენტის შენობა თქვენი სახლის შუშაბანდში გეშლებათ და ვერ ხვდებით, როგორ უნდა მოიქცეთ, სად რა უნდა დაკიდოთ, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, ნატო ჩხეიძეს პარლამენტის შენობაში ზვიად გამსახურდიას პორტრეტის განთავსებასთან დაკავშირებით.

პაპუაშვილის თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფაა, როცა პორტრეტის განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად ხდება.

„რა თქმა უნდა, არაკეთილსინდისიერია, როდესაც ზვიად გამსახურდიას სახელით სპეკულირებთ. ეს არის ზუსტად სპეკულაცია, თავისი ყველაზე მდაბიო ფორმით. ზვიად გამსახურდიასა და ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, საქართველოს პარლამენტზე როცა საუბრობთ, ეს ნიშნავს ინსტიტუტებს. პარლამენტის შენობა როცა გეშლებათ თქვენი სახლის შუშაბანდში, ვერ ხვდებით, როგორ უნდა მოიქცეთ, სად რა უნდა დაკიდოთ თუ არ დაკიდოთ, როდის და როგორ ხდება ეს ყველაფერი, ზუსტად ეს არის ზვიად გამსახურდიას ხსოვნის შეურაცხყოფაც და იმის შეურაცხყოფაც, რისთვისაც ის იბრძოდა. ყველაფერს აქვს თავისი ფორმები. პარლამენტი თქვენს პირად სივრცეში რომ გერევათ და თქვენი შეხედულებით წყვეტთ, სად, როგორ და რა ჩამოკიდოთ, ეს ყველაფერი წინააღმდეგია ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობისა და მისი დანატოვარისა.

სირცხვილია, რაც დღეს გააკეთეთ. მე არ მინახავს, ამის შესახებ მანდატურმა მითხრა. სირცხვილია, როცა პარლამენტს და ზვიად გამსახურდიას ხსოვნას აკადრებთ იმას, რომ მისი ხსოვნის სპეკულირებით წყვეტთ, პარლამენტში სად რა მოხდეს, სად იყოს ზვიად გამსახურდიას სურათი გამოფენილი და ასე შემდეგ. ასე არ წყდება, ასე სახელმწიფო არ იქცევა და ზუსტად ეს საქციელი არის სამარცხვინო. ქალბატონო ნატო, თქვენ „ნაციონალური მოძრაობის“ სიით ხართ შემოსული პარლამენტში და სხვა საკითხია, ეს რამდენად ჯდება ზვიად გამსახურდიას იდეებთან. ვერ ხვდებით, რომ პარლამენტის მიმართ უპატივცემულობაა, როდესაც თქვენი სურვილით იწყებთ გადაწყვეტილების მიღებას, სად, როგორ, რა გამოიფინოს. ზუსტად ეს არის შეურაცხყოფა სახელმწიფო ინსტიტუტების, რომლისთვისაც იბრძოდა ზვიად გამსახურდია, რომ ჩვენი სახელმწიფო, პარლამენტი გვქონოდა და სახელმწიფო ინსტიტუტებს ემუშავათ არა ცალკეული ადამიანის ნება-სურვილის და გემოვნების მიხედვით, არამედ ისე, როგორც მუშაობენ ინსტიტუტები. ასე უბრალოდ არ შეიძლება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მანამდე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომ პარლამენტის შენობაში ზვიად გამსახურდიას პორტრეტი განათავსეს და, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, ამას კანონიერი სახე მისცემოდა.

„ბატონო შალვა, მოგმართავთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს. მოგეხსენებათ ეს დარბაზი არის ზვიად გამსახურდიას სახელობის. რამდენიმე წუთის წინ ამ დარბაზის წინა კედელზე ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მიერ, როსტომ ჩხეიძის მიერ ჩამოკიდებული იქნა ზვიად გამსახურდიას გამოსახულება ანუ მისი ფოტოსურათი. 31 მარტს ზვიად გამსახურდიას შეუსრულდა საიუბილეო თარიღი – 85 წელი, რაც არანაირად არ იქნა აღნიშნული სახელმწიფოს მიერ და, სამწუხაროდ, არც პარლამენტის მიერ არ იქნა დაფასებული მისი ღვაწლი. მისი ღვაწლი კი არის ჩვენი დღევანდელი სახელმწიფოს ფუძემდებლობა. ამიტომ ჩვენ გამოვიჩინეთ ინიციატივა და ზვიად გამსახურდიას გამოსახულებას მივუჩინეთ სათანადო ადგილი, ანუ მისი სახელობის დარბაზის წინ. მოგმართავთ, თქვენი ბრძანებით, კანონიერი გახადოთ ზვიად გამსახურდიას გამოსახულების არსებობა საქართველოს პარლამენტში“, – მიმართა ნატო ჩხეიძემ შალვა პაპუაშვილს.