არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს უკვე ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ზვიად დევდარიანის საქმეზე გამოძიება 151-ე პრიმა მუხლით, ადევნების ფაქტზე დაიწყო, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ცნობით, გამოძიებას შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდა ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით ინტერნეტის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციებით, სადაც კონკრეტული პირები მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო“,- აღნიშნეს შს სამინისტროში.
151-ე პრიმა მუხლი გულისხმობს პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალს, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახ ქმედებას, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“, განაცხადა, რომ შს სამინისტრო ზვიად დევდარიანის საქმეზე გამოძიებას დაიწყებდა.