როგორც პასუხისმგებლიანი უწყება, შსს თავს ვალდებულად თვლის, რომ ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, ამ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში ოფიციალური მიმართვა არ შესულა, თუმცა ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია იძლევა იმის საფუძველს, რომ უწყებამ გამოძიება დაიწყოს.
„ყველასთვის სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამ ფაქტთან დაკავშირებით არავის მოუმართავს. ჩვენთან შეტყობინება ან განცხადება აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით არ შემოსულა, არც ჟურნალისტების მხრიდან, არც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან, არც იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც შესაძლოა, ამ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდნენ.
როდესაც ვსაუბრობთ ინტერნეტის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციაზე, დიახ, ჩვენ დავინტერესდით ამ ფაქტებით, შევისწავლეთ თითოეული განცხადება, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულმა პირებმა ჩვენ არ მოგვმართეს, ჩვენ დავინახეთ გარკვეული დანაშაულის ნიშნები ინტერნეტ საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებში და ფაქტობრივად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრო გამოძიებას დაიწყებს.
როდესაც მსხვერპლები, მითუმეტეს ქალბატონები, სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ თამამად, როგორც პასუხისმგებლიანი უწყება, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავს ვალდებულად თვლის, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს და ვნახოთ, გამოძიებით რა დადგინდება.
დავკითხავთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ამასთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს, ვინც შესაძლოა, ინფორმაციას ფლობდეს და შემდგომ უკვე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“,- განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, ნათია მეზვრიშვილმა სექსულური შევიწროების შესაძლო მსხვერპლ პირებს მიმართა, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.
„მოვისმინე, რომ მსხვერპლები ანონიმურად დარჩენას ამჯობინებენ, თუმცა შესაძლო დანაშაულის მსხვერპლებს, იმისთვის რომ მაგალითი მისცენ სხვა ადამიანებს, მოვუწოდებ ითანამშრომლონ გამოძიებასთან, გამოძიების მხრიდან მათი დაბარების შემთხვევაში“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის მიერ დასახელებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, რის გამოც, მან კანდიდატურა მოხსნა.
ამასთან, დღეს, სიდა-ს გამგეობამ ერთხმად დააკმაყოფილა ზვიად დევდარიანის განცხადება უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით.