საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატობის მსურველის, “სიდას” აღმასრულებელი დირექტორის ზვიად დევდარიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატების შერჩევა მოხდეს მათი პროფესიონალიზმის, ხედვებისა და პრინციპულობის კრიტერიუმებით.
„მომეცა საშუალება, მესაუბრა მაუწყებლის კონცეფციაზე. იყო შეკითხვები, რომლის ძირითადი შინაარსი იყო ის, რომ წარმომეჩინა, რამდენად ვიცნობ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს, ბიუჯეტს, რას ვფიქრობ დღევანდელ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და რა მიმართულებით უნდა მოხდეს მაუწყებლის განვითარება. რაც შეეხება მოლოდინებს, ვფიქრობ, ეს პროცესი კიდევ ერთი შესაძლებლობაა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტისთვისაც, რათა ის კითხვები, რაც აქამდე ისმოდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით, რომ სწორედ ამ ოთხი კანდიდატის წარდგინებით და დამტკიცებით ამ კითხვებსაც პასუხი გაეცეს.
კანონმდებლობით, პროცესი არის საკმაოდ მაღალი სტანდარტის, ანუ ხედავთ, რომ ღია ეთერით გადაიცემა კომისიის მიერ მიმდინარე გასაუბრება. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, პარლამენტი ამტკიცებს. ბუნებრივია, ეს შეიცავს პოლიტიკური გადაწყვეტილების ელემენტებს, ვინაიდან პარლამენტი სწორედ ამ ტიპის ორგანოა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატების შერჩევა მოხდეს მათი პროფესიონალიზმის, ხედვებისა და პრინციპულობის კრიტერიუმებით, რაც იქნება იმის გარანტია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რეალურად განვითარდეს, ის იყოს სანდო, მნიშვნელოვანი მოთამაშე მაუწყებლების სფეროში“, – განაცხადა ზვიად დევდარიანმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევი სპეციალური კომისია საბჭოს წევრობის კანდიდატობის მსურველებს ხვდება.