დოდო შონავა - 40 წელია, მაუწყებელში ვმუშაობ და ვფიქრობ, ჩემი მოტივაცია საკმაოდ საფუძვლიანია
დოდო შონავა - 40 წელია, მაუწყებელში ვმუშაობ და ვფიქრობ, ჩემი მოტივაცია საკმაოდ საფუძვლიანია

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევი სპეციალური კომისია საბჭოს წევრობის კანდიდატობის მსურველებს ხვდება.

გასაუბრების პირველ ეტაპზე ისინი 15-წუთიან პრეზენტაციას წარადგენენ, მოგვიანებით კი, სამეურვეო საბჭოს წევრთა კითხვებს უპასუხებენ.

ერთ-ერთი კანდიდატი დოდო შონავა საკუთარ მოტივაციასა და გამოცდილებაზე ამახვილებს ყურადღებას.

მისი განმარტებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში ყველა საფეხურზე უმუშავია და აქვს ინფორმაცია, როგორც პრობლემების, ასევე მიღწევების შესახებ.

„ჩემი მოტივაცია არის მარტივი. 40 წელია, ამ მაუწყებელში ვმუშაობ, უმცროსი რედაქტორიდან დავიწყე ჩემი კარიერა და ყველა საფეხური გავიარე, გენერალური დირექტორის მოადგილის ჩათვლით. აქედან გამომდინარე, ზუსტად ვიცი ყველა ის პრობლემა, რომელიც ამ მაუწყებელში წლების განმავლობაში გროვდებოდა და რაც ამ მაუწყებლის, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას უწყობდა ხელს. ამიტომ  ვფიქრობ, რომ ჩემი მოტივაცია საკმაოდ საფუძვლიანი და გამართლებულია.

ვიცნობ საერთაშორისო გამოცდილებას, გარდა იმისა, რომ მაქვს აქ მუშაობის გამოცდილება, გავლილი მაქვს წვრთნები ამერიკაში, გერმანიაში BBC-ის კურსები, ევროკავშირის მაუწყებლის კურსები, მაქვს სერთიფიკატები, ვარ საერთაშორისო დონის მედიამწვრთნელი და მედიაექსპერტი. არასოდეს ვყოფილვარ აფილირებული არც ერთ ხელისუფლებასთან, ყოველთვის ვცდილობდი ეთიკური ჟურნალისტი ვყოფილიყავი, დამეცვა ჩემი პროფესიული ღირსება და არ მეღალატა ინ პრინციპებისთვის, რომლითაც ვხელმძღვანელობ“, – განაცხადა დოდო შონავამ.

კონკრეტული კანდიდატების ლობირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, დოდო შონავა აცხადებს, რომ აღნიშნულ თემაზე  საფუძვლიანი დასაბუთება ვერ მიიღო.

„თვითონ ბორდის არჩევის პრინციპი თავისთავად გულისხმობს, რომ კანდიდატებიდან, ვისაც კომისია წარუდგენს პარლამენტს, პარლამენტი აირჩევს იმ ადამიანს, ვისაც მიიჩნევს მისთვის სასურველად. ასე რომ, რაღაც დონით პოლიტიკური მიზანშეწონილობა, რა თქმა უნდა, არის არჩევის წესშიც კი. რაც შეეხება მითქმა- მოთქმას, გითხარით, რომ ვარ ეთიკური ჟურნალისტიკის მიმდევარი, რა თქმა უნდა გონივრული ეჭვები ჩნდება, მაგრამ პირადად მე საფუძვლიანი დასაბუთება ვერ მივიღე. თუმცა მოვლენების განვითარება ალბათ, გვიჩვენებს. მე ორჯერ მივიღე მონაწილეობა მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევნებში, ორივეჯერ გადავედი საბოლოო ტურში, აღიარეს, რომ ჩემი კონცეფცია იყო საუკეთესო, მაგრამ საბოლოოდ, მაინც აირჩიეს გენერალური დირექტორი პოლიტიკური მიზანშეწონილობით. ასე რომ, მე ეს ეჭვები ბუნებრივია რომ მაქვს, თუმცა ამავე დროს, მაქვს იმის იმედი, რონ ბოლოს და ბოლოს მიხვდება ხელისუფლებაც, საზოგადოებაც, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციის განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა მისი დამოუკიდებლობა. აუცილებელი პირობაა, რომ აქ მომუშავე ადამიანებმა შეძლონ კარიერული განვითარება, რომ მათ არ ჰქონდეთ უნდობლობა მენეჯმენტისა და სამეურვეო საბჭოს მიმართ, რომ ისინი იყვნენ მოტივირებულები და სტაბილურად გრძნობდნენ თავს. გარწმუნებთ, რომ აქ შემოქმედებითი კრიზისი თითქმის არასოდეს ყოფილა, აქ ყოველთვის მართვის კრიზისი იყო და ეს მართვის კრიზისიც განპირობებული იყო იქიდან რომ დამოუკიდებლობა მაინც შეზღუდული იყო.

კანდიდატებს ლობირებენ თუ არა, ამას ვერ გეტყვით. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მე ამის დადასტურებული ფაქტი არ მაქვს. მე ვიცი, რასაც გულისხმობთ, მაგრამ დადასტურებული ფაქტი არ არის. მაქვს იმის შეგრძნება, რომ იმ სურათზე დაფიქსირებული ადამიანები აუცილებლად მედია საკითხებზე საუბრობდნენ, იმიტომ, რომ იქ ის ადამიანები იყვნენ ვისაც მედიასთან კავშირი აქვს მაგრამ დადასტურებულად იმის თქმა, რომ ვინმეს ლობირებდნენ ამას ვერ დაგიდასტურებთ, არ არის ჩემთვის საკმარისი ეს ინფორმაცია. მაგრამ იმ კანდიდატზე ვისზეც საუბარია, ის ღირსეული კანდიდატია, ცნობილი ადამიანია საზოგადოებისთვის, ძალიან განათლებული და პირადად, მე მის მიმართ არანაირი პრეტენზიები არ მაქვს და ვერც მექნება“, – აღნიშნა დოდო შონავამ.

კანდიდატებთან გასაუბრება დღეს 18:00 საათამდე გაგრძელდება. დღეს გასაუბრება 14 კანდიდატთან, მალხაზ ასლანიშვილთან, ნინია კაკაბაძესთან, დონარა შონავასთან, ზაზა შათირიშვილთან, იზაბელა ოსიპოვასთან, ხატია ყურაშვილთან, ზვიად დევდარიანთან, ბედო ლილუაშვილთან, ნათია სირაბიძესთან, ვლადიმერ ბოჟაძესთან, ია მამალაძესთან, ნათია კობერიძესთან, ბაია პატარაიასთან და დავით კორახაშვილთან გაიმართება.

სამეურვეო საბჭოში ახალი კანდიდატების შერჩევის აუცილებლობა, რამდენიმე წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამ განაპირობა.