ზვიად ჭუმბურიძე - 31 დეკემბერს „ანაკლიის კონსორციუმსს“ უფლებამოსილება თუ შეუჩერდება, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს გეგმა, რას აკეთებს პირველი იანვრიდან, სხვანაირად არ გამოვა
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანის, ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, საქართველოსთვის საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია.
„ქვეყანას, რომელსაც ამ შემთხვევაში დროებით ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, საომარ მდგომარეობაშია რუსეთთან და აქვს ასეთი რთული პოლიტიკური ვითარება ამ მეზობელთან, ვფიქრობ, აუცილებელია, ყველა შემთხვევაში საზღვაო ინფრასტრუქტურა განვითარდეს. რა თქმა უნდა, უნდა განვითარდეს ფოთიც, უნდა განვითარდეს ბათუმის პორტები, მათი მოდერნიზაცია უნდა მოხდეს“ ,- განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ და აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ანაკლიაც აშენდება და ანაკლია უნდა აშენდეს. ვინ შეზღუდა პორტების რაოდენობა შავ ზღვაზე. ნახეთ შავი ზღვის რუკა, ნახეთ თურქეთს რამდენი პორტი აქვს, რამდენი აქვს რუმინეთს, ბულგარეთს, უკრაინას. ასე რომ, შეზღუდვა ამაში, რა თქმა უნდა, არ არის. დაისმება ალბათ კითხვა, როცა ტვირთი არ არის, რისთვის შენდება, მაგრამ ჩვენ ხომ არ უნდა ვიფიქროთ სამი, ოთხი წლის პერსპექტივაზე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაზე, რომელიც მინიმუმ 10-15 წლის ვადით უნდა გაითვალოს. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მიდგომებით ჩვენ შევძლებთ, ეს ინფრასტრუქტურა დავასრულოთ“ ,- განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.
ჭუმბურიძის განმარტებით, თუ 31 დეკემბერს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსს“ შეუჩერდება უფლებამოსილება, მაშინ მთავრობამ საზოგადოებასა და ბიზნეს წრეებს უნდა წარუდგინოს თავისი ხედვა, გეგმა, რას აკეთებს პირველი იანვრიდან.
„ეს აუცილებელია. რომ გაჩერდეს და შემდეგ პასუხი არ იყოს, ასე არ გამოვა. ამიტომ, უნდა იყოს პასუხი ყველა შემთხვევაში და ამიტომაც, სიმართლე გითხრათ, ოპტიმისტურად ვუყურებ, რომ შესაძლებელია, ამ ვადამ გადაიწიოს, არ არის გამორიცხული. ვნახოთ, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს“ ,- განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.
ზვიად ჭუმბურიძე ამბობს, რომ „ანაკლიის კონსორციუმთან“ მიმართებაში განვითარებული პროცესები ცუდია ინვესტიციების მოზიდვისთვის, ბიზნეს კლიმატისთვის და, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის.
„მაგრამ, მოდით, ასე შევთანხმდეთ, ვინ ააშენებს ანაკლიას, საქართველოს სახელმწიფო და სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. მე, როგორც მოქალაქე, ვამბობ, რომ უნდა აშენდეს. სახელმწიფო იქნება მონაწილე ამ მშენებლობის, თუ კერძო კომპანია, ეს ვნახოთ. მაგრამ ანაკლია უნდა აშენდეს ერთმნიშვნელოვნად. ვალდებულება გვაქვს აღებული და ეს ვალდებულება უნდა შესრულდეს. თუ არ გამოვა ისე, ჩვენ როგორც გვინდა, დაწყებული საქმე რომ კონსორციუმმა დაამთავროს, მაშინ ან ხელისუფლებამ უნდა დაამთავროს, ან ზოგადად ბიზნესმა. ესეც საკითხავია, ვინ იქნება ამის დამამთავრებელი ასეთი ტურბულენტობის შემდეგ, რომელი ბიზნეს კომპანია შემოვა. ძალინ ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვინ იქნება დაინტერესებული ანაკლიის აშენებით, რადგან ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვართ საომარ ვითარებაში რუსეთთან“ ,- განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.
შეგახსენებთ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ანაკლიის კონსორციუმმა“ 31 დეკემბრამდე სრულად უნდა წარმოადგინოს სასესხო ხელშეკრულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესი უსასრულოდ ვერ გადავადდება.